მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ჩაი ჩვენი ქართული

ისტორიული კონტექსტი

რედაქციისგან: გაზეთი “ თბილისი“ საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს. ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ სტატია გაერთიანება “საქჩაის” შეკვეთილია, ანუ, თანამედროვე გაგებით, რეკლამის უფლებით განთავსებული სტატიაა.

ჩაის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შემოიტანეს და დარგეს. 1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ჩაის წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება მიქეცა. აშენდა სსრკ-ში ერთადერთი სუბტროპიკულ კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, რომელშიც შემდგომში გამოიყვანეს ახალი ჯიშები „ქართული 1“, „ქართული 2“, „კლონი“, „კოლხეთი“.  1983 წლისთვის, საქართველოში ჩაის 65.5 ათასი ჰექტარი მიწა ეკავა და რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში წარმოადგენდა ჩაის მთავარ და ერთადერთ მწარმოებელს.

გეგმიურ ეკონომიკას თავისი ლოგიკა ჰქონდა და წარმოების მუდმივ ზრდას მოითხოვდა. ამისთვის ჩაიში ხშირად ურევდნენ ხოლმე სხვადასხვა მინარევებს, რითაც საერთო ჯამში ზიანდებოდა  არამხოლოდ პროდუქტი, არამედ მთლიანად ქართული ჩაის რეპუტაციაც.

ჩაი ჩვენი, ქართული

გაზეთი თბილისი, 26.03.1975

დღეიდან 30 მარტამდე საქართველოში ეწყობა ჩაის კვირეული, რომელიც მთავრდება ტრადიციული დღესასწაულით „ჩაის დღით“. ჩაის, როგორც სიმხნევის სასმელს, ბადალი არ მოეპოვება. მასში კარგად არის შერწყმული შესანიშნავი საგემოვნო და სასარგებლო თვისებები.

ჩაის შეუძლია გააცხოველოს საუბარი, შექმნას გულითადობისა და უშუალობის ატმოსფერო, დაამშვიდოს ადამიანი. ამიტომ შემთხვევითი არ არის რომ უკანსკნელ წლებში ტრადიციად იქცა ჩის ზეიმის მოწყობა მთელს ჩვენს რესპუბლიკაში. ჩაის სახლი ამ სასმელის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის ცენტრია და უკვე ცხრა წელიწადია ღირსეულად უძღვება კიდევ ამ საქმეს. ყოველდღე მოდიან აქ თბილისელები, სტუმრები, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, საზღვარგარეთიდან. სვამენ სურნელოვან ქართულ ჩაის, ეცნობიან მისი მოყვანის ისტორიას, იღებენ კონსულტაციას ჩაის შენახვის, დაყენების, სმის შესახებ, ათვალიერებენ ჩაისადმი მიძღვნილ სტენდებს.

წლეულს განსაკუთრებით ფარდოთ ეწყობა ჩაის კვირეული რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის კაფეებში, რესტორნებსა და სასადილოებში.

ჩაის კვირეულის დასკვნით დღეს, 30 მარტს, ჩაის სახლში გაიმართება სადღესასწაული საღამო დევიზით: „ვადიდოდთ ჩაი და მეჩაიეთა შრომა“. სტუმრად იქნებიან ცნობილი მეჩაიეები, სპეციალისტები, მეცნიერებისა დ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სამამულო ომის ვეტერანები.

კვირეულის დღეებსი როგორც ჩაის სახლში, ისე მაღაზიებში გაიყიდება ლამაზი შეფუთული სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჩაი, საგანგებოდ გაფორმებული სასაჩუქრო ნაკრებები.

გაერთიანება „საქჩაი“

მსგავსი/Related

Back to top button