მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი კომუნისტი, 1975: ბრძოლა მაშტაბური ქელეხებისა და ქორწილების წინააღმდეგ

ისტორიული კონტექსტი

გაზეთი “ კომუნისტი” საქართველოს კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

ფორმულა „ნეგატიურ მოვლენათა წინააღმდეგ ბრძოლა“ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის სსრ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდიდან (1965-1972წ.) იქცა ლოზუნგად და მას შემდეგ თითქმის რამდენიმე ათწლეული გამოიყენებოდა, სხვადასხვა ინტენსივობით. თავის მხრივ, სიტყვათა შეთანხმება “ნეგატიური მოვლენები,” თავის თავში მოიაზრებს ყველაფერს, რაც, ოფიციალურად, კომუნისტური სისტემასთან შეუთავსებელ მანკად ითვლებოდა – მაგალითად კორუფცია, მექრთამეობა, პროტექციონიზმი, ნათლიმამობა (ნუ, როგორც ახლა ვამბობთ, ნეპოტიზმი), – ანდა “წარსულის გადმონაშთებად” ინათლებოდა, მაგალითად რელიგიური დღესასწაულები.

საგულისხმოა, რომ ამგვარად მათი მოხსენიება გულისხმობდა, რომ ეს სისტემური პრობლემები კიარა, არამედ – როგორც კომუნისტურ საბჭოეთში ამბობდნენ ხოლმე – “ცალკეული გადაცდომები” იყო. ისტორიოგრაფია და იმდროინდელი დოკუმენტები კი ნათლად გვიჩვენებს, რომ კორუფცია, მექრთამოეობა და ნეპოტიზმი ცალკეული კიარა, სისტემური პრობლემები იყო. ნაწილობრივ – მმართველობითი სისტემის ეთიკის სრული მოშლის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ გეგმიური ეკონომიკა იმდენად არაეფექტური იყო, რომ საზოგადოების და ეკონომიკის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო ხდებოდა გვერდითი, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ “ლევი” (რუსულიდან “левый” – მარცხენა) გზების ძიება.

დასაგმობი დავგმოთ

საბჭოები ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლაში

გაზეთი კომუნისტი, 02.04.1975

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

მცხეთაში გაიმართა ადგილობრივი საბჭოების მუშაკთა და საბჭოთა აქტივის ზონალური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ადგილობრივი საბჭოების როლი ნეგატიური მოვლენებთან (წარსული გადმონაშთებთან) ბრძოლაში“. […] [რედაქტორისგან: კონფერენციაზე გამოვიდნენ: სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საბჭოების მუშაობის საკითხების გამგე მ.ბაღათურია; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე; მცხეთის აღმასკომის თავჯდომარე დ.რომელაშვილი; გორის რაისაბჭოს აღმასკომის თავჯდომარის მოადგილე რ.ჯავახიშვილი; გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის თავჯდომარის მოადგილე გ.ჩეჩელაშვილი; გორის სამოქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე ე.ბუხუზი;

ის ფაქტი, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ადგილი აქვს ნეგატიურ მოვლენებს, რომ კიდევ არიან მუქთახორები, პარაზიტული ელემენტები, მექრთამეები, ბიუროკრატები, არიან ადამიანები რომლებიც ხელყოფენ საზოგადოებრივ დოვლათს, უღირსი საქციელით არცხვენენ საბჭოთა მოქალაქის ღირსებას, მოწმობს იმას, რომ ბევრი ადამიანი, როგორც ქალაქად ისე სოფლად, თავისი შეგნებით ვერ დგას ჩვენი საზოგადოებისათვის შესაფერის დონეზე. მიუხედავად იმ დიდი ძვრებისა და პროგრესისა, რომელიც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობით ხორციელდება ჩვენს რესპუბლიკაში, […] წარსულის გადმონაშთები, ერთბაშად როდი თმობენ პოზიციებს. ამიერიდან  ნომერ პირველ ამოცანად კვლავ რჩება ახალი, ადამიანის აღზრდის ამოცანა.

ახალი ადამიანის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ემ- სახურება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება „რესპუბლიკაში პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ადგილობრივი, საბჭოების დიდი როლი აღმზრდელობის საქმიანობაში, ქალაქის და სოფლის მშრომელთა დარაზმვა ისეთი მოვლენების წინააღმდეგ როგორიც  არის პროტექციონიზმი და მომხვეჭელობა, ბიუროკრატიზმი და მუქთახორობა, ალკოჰოლიზმი და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა […] ახლო წარსულში სოფელ რუისში (ქარელის რაიონი) ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის ხშირ დარღვევებს. მთვრალმა არამაშვილმა თავისი მეუღლე შაშხანით მოკლა, ეს მოხდა მაშინ, როცა მისმა თანასოფლელი ა. ღვინიაშვილი მეზობლებთან ერთად, სამხედრო სამსახურში შვილის გასტუმრების გამო ღრეობდა.

შარშან მსგავსი დანაშაული კვლავ გამეორდა, თავაშვებული ღრეობის დროს მოკლეს მოქალაქე გიორგაძე, ხოლო 6 ადამიანი დანით დაჭრეს.  რაიონის ხელმძღვანელი ორგანოების მოწილეობით, სოფლის ყრილობა გაიმართა, რომელსაც დაესწრო მთელი მოსახლეობა, ყრილობამ ერთხმად მოითხოვა ფულის გამოძალვის მიზნით ყოველგვარი ქელეხებისა და სხვა მსგავსი რიტუალების მოშლა, ხალხმა თვითონ დაგმო ტრადიციები, რომლებიც არცხვენენ პატიოსანი ქართველი კაცის სახელს […] ამან დადებითი შედეგი მოიტანა: თუ 1973 წელს ჩადენილ იქნა 16 დანაშაული, ხოლო 1974 წლის პირეელ 6 თვეში – 18, მას შემდეგ წლის დასასრულამდე დანაშაულის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. გავიდა 1975 წლის პირველი კვარტალი და დანაშაული აღარ მომხდარა.

კონფერენციაზე ბევრი ითქვა თუ როგორ მახინჯდება ჩვენი ხალხის უძველესი ტრადიციები –  მიცვალებულის პატივისცემისა, სტუმარ-მასპინძლობის. ღვინის უზომო სმა, ლოთობა შორს ყოფილა ქართველთა ტრადიციებიდან. მომხვეჭელობა! ეს სიტყვაც ასევე შორს იყო ქართველისგან, მომხვეჭველური ვაჭრული თვისება ჩვენი ხალხისთვის სამარცხვინოზე სამარცხვინო იყო და თუ საჯარო შეამჩნევდნენ, საჯაროდ კიცხავდნენ. […]

ერთი ჭიქა ღვინით გარდაცვლილს მოიგონებდა და მერე თავის გზას გაუდგებოდა, ახლა დავიწყებას მისცეს ეს ჩინებული ტრადიცია, გარდაიცვლება თუ არა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, იწყება სირბილი ათასნაირი ხორაგისათვის, გაიჭიმება შვიდას–რვაასკაცანი სუფრა, იწყება ღრეობა, ღრიანცელი და ბოლოს ფულის შეკრება. ზოგიერთი უსინდისო არად დაგიდევთ სირცხვილს და ფულის მოგების მიზნით არცხვენს მიცვალებულსა და ქართულ ტრადიციას. გაჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ყიდულობენ ჭურჭელს, კარვებს და მერე აქირავებენ მეზობლებზე. ამასწინად, შეამოწმეს სასოფლო საბჭოს ტერიტორიაზე ჭურჭლის რაოდენობა, რომელსაც ქელეხებსა და ქორწილებში ხმარობენ. გამოჩნდა 21 ათასზე მეტი თეფში, 6 ათასზე მეტი ჭიქა, 195 მაგიდა, ქვაბები, ბოთლები…

კონფერენციაზე მოითხოვეს, რომ ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები უნდა აიკრძალოს, რადგან უპატიოსნო ადამიანებმა იგი ბიზნესად, მოგების წყაროდ აქციეს, ამასთან ერთად იგი იწვევს დიდ მატერიალურ ზარალასაც, ხშირად გამოუყენებელი რჩება საქორწილე და საქელეხო პროდუქტები. იფლანგება ასობით სამუშაო დღე. […] მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ქორწილ-ქელეხები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ტარდება, დიდი დარბაზებისა და კარვების უქონლობის გამო, ხშირად თოვლ-ყინულში, გარეთ დასხამენ ხოლმე სტუმრებს, ვინ მოთვლის რამდენი გაცივებულა და ავად გამხადრა.

საგულისხმოა, რომ ხალხმრავალი ქორწილებისა და ქელეხების წინააღმდეგია თვითონ მოსახლეობა. სოციოლოგიური გამოკვლევის დროს, მოსახლეობის უმრავლესობამ უჩვენა, რომ იგი წინააღმდეგია ქართული ტრადიციების ასეთი შერყვნისა. ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, როგორიც ხალხმრავალი ქორწილი და ქელეხია, ზოგჯერ შეცდომით წარსულის გადმონაშთებს უწოდებენ…

ვიწრო ეგოისტური ‘ზრახვებით გატაცებული, ათასნაირი ზიზილპიპილოებით აწყობს გარდაცვლილ მახლობელთ სასაფლაოს. აშენებს ძეგლებსა და აკლდამებს. ეს საბოლოო ანგარიშით ძვირი უჯდება საზოგადოებას და სახელმწიფოს. სასაფლაოებზე ხომ ძირითადად უკანონო გზით შეძენილი მასალებია გამოყენებული. ხალხმრავალი ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვასთან ერთად, უნდა აიკრძალოს დაუმსახურებელი ძეგლებისა, ობელისკებისა და აკლდამების აგებაც.

[…]

იაკობ გოგებაშვილის სამშობლო სოფელ ვარიანში სადაც რელიგიური დღესასწაულის მარიამობის ნცვლად დააწესეს სახალხო ზეიმი „იაკობობა“, ბევრგან ახალგაზრდობას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, არა აქვს გონივრული დასვენების საშუალება. ეს იწვევს თავისუფალი დროის არაგონივრულ გამოყენებას, ახალგაზრდობა უსაქმურობასა და ლაზღანდარობაში კლავს დროს.[…]

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც  ჩატარდა კონკრეტული სოციოლოგიური გამოკვლევის მასალების მიხედვით დაეხმარება ადგილობრივ საბჭოებს ნეგატიური მოვლენების, ყოველგვარი დრომოჭმულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში.

ა.თომაძე

„კომუნისტის“ საქ.კორ.

მსგავსი/Related

Back to top button