მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი, 1975: კომკავშირი, კომკავშირული ცხოვრება და გამოწვევები

ფიქრობენ, ოცნებობენ, გვთავაზობენ.

გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი,” 25.03.1975, სტატია ქვეყნდება შემოკლებით

რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

გზამკვლევი

კომკავშირი (რუს. Комсомол), ანუ სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი (ალკკ) რუსეთში 1918 წელს შეიქმნა. ეს ორგანიზაცია 18-25 წლის ახალგაზრდებს აერთიანებდა და კომუნისტური პარტიისათვის “კადრების სამჭედლოდ” ითვლებოდა. კომკავშირის დანაყოფები არსებობდა უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაბრიკა-ქარხნებშიც. როგორც ყველაფერი, კომკავშირიც მკაცრად ცენტრალიზებული ორგანიზაცია იყო.

“ახალგაზრდა კომუნისტი” იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. ის 1925 წელს დაარსდა თბილისში და 1925-1990 წლებში ქართულ ენაზე გამოდიოდა კვირაში სამჯერ. ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისას და, განსაკუთრებით, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, გაზეთი საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებისკენ გადაიხარა. 1990 წელს საქართველოს კომკავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. გაზეთმა სახელი და ნირი ღიად შეიცვალა და “ახალგაზრდა ივერიელი” ეწოდა.

ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსაწავლეთა რესპუბლიკურ სასახლე” – ისტორიული შენობა რუსთაველის გამზირის 6-ში. თავდაპირველად რუსეთის იმპერიის მთავარმართებლის სასახლედ, შემდეგ კი მეფისნაცვლის სასახლედ წოდებული შენობა 1845 წელს აშენდა და რამდენჯერმე გადაკეთების შემდეგ ფასადმა ახლანდელი სახე 1869 წელს მიიღო. ამ შენობაში დაიდო ბინა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს, შემდეგ კი აქ მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და დამფუძნებელი კრება რუსულ საბჭოთა ოკუპაციამდე 1921 წელს. ოკუპაციის შემდეგ შენობაში საბჭოთა მთავრობა შევიდა. 1937 წელს გადაწყდა და 1941 წელს გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. ბორის ძნელაძის – კომპარტიის აქტივისტისა და კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის – სახელი 1956 წელს ეწოდა.

კონტექსტი

1975 წელს საბჭოთა კავშირს ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი უკვე თერთმეტი წელია ხელმძღვანელობს. მისი მმართველობის პერიოდი “უძრაობის” დარჩა ცნობილი. ეკონომიკური არაეფექტურობა სულ უფრო აშკარაა. პროდუქციის ნაკლებობა ხელს უწყობს კორუფციას. ადმინსტრაციული პარალიჩი ნელნელა ვრცელდება მთელს საბჭოეთში. ინტერვიუში იგრძნობა უკმაყოფილება საბჭოური ინსტიტუტების მზარდი “ფორმალიზმით”, ზეცენტრალიზაციით და მათი შინაარსისაგან დაცლით.


ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსაწავლეთა რესპუბლიკურ სასახლესთან არსებული თბილისის უფროსკლასელთა საქალაქო კომკავშირულ შტაბს, სტუმრად გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“ ეწვია: გაიმართა საინტერესო საუბარი უფროსკლასელთა საერთო პრობლემებზე, სასკოლო კომკავშირული ორგანიზაციების მუშაობის ავ-კარგზე, მომავლის გეგმებზე.

რეპორტიორი – ყოველი თქვენგანი კომკავშირული მუშაობის აქტივისტია,  რას გვეტყვით იმ ძირითად პრობლემებზე, რაც თქვენ გხვდებათ,როგორ სასკოლო კომკავშირული ორგანიზაციის, ასევე საქალაქო შტაბის მუშაობაში?

დათო აბაიშვილი – თბილისის მე-15 საშუალო სკოლის X კლასის მოსაწავლე, უფროსკლასელთა საქალაქო შტაბის წევრი: ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია უფრო დიდი ყურადღება მიექცეს კომკავშირის რიგებში ახალგაზრდების მიღების საქმეს. გასათვალისწინებელია მომავალი კომკავშირელის მიერ არამარტო კომკავშირული და პიონერული ორგანიზაციების ისტორიის ცოდნა, არამედ საერთო იდეურ-პოლიტიკური მომზადებაც […] არა გაზეპირებული, ხშირად გაუანალიზებელი პასუხები – რატომ შედის კომკავშირის რიგებში (რასაც უმრავლესობა ერთიდაიმავე სტანდარტული ფრაზით პასუხობს: „რომ უფრო დიდი წვლილი შეიტანონ კომუნიზმის საქმეში“), არამედ სრული რწმენა და შეგნება იმ დიდ პასუხისმგებლობისა, რასაც ლენინური კომკავშირი აკისრებს მას. […] მე ხშირად მინახავს, ადრეულ კინო-ფილმებში, თუ როგორ საზეიმოდ იღებდნენ ახალგაზრდებს კომკავშირის რიგებში […] დღეს რატომ უნდა გაუბრალოვდეს და გაიოლდეს ახალგაზრდისთვის ასეთი ღირსეულ სახსოვარი მოვლენა?

დღეს რატომ უნდა გაუბრალოვდეს და გაიოლდეს ახალგაზრდისთვის ასეთი ღირსეულ სახსოვარი მოვლენა [კომკავშირის რიგებში მიღება]?

მარინე ნაჭყებია – თბილისის მე-3 საშუალო სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, უფროსკლასელთა საქალაქო შტაბის წევრი: – ვფიქრობ, ერთი-ერთი ძირითადი პრობლემა ესაა თითოეული კომკავშირელის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა. მუშაობის საინტერესო წარმართვისთვის, აუცილებელია კომკავშირის კომიტეტებმა დაგეგმონ თავიანთი მუშაობა ისე, რომ გაითვალისწინონ კომკავშირელთა სურვილები, სამწუხაროდ, ზოგჯერ, ეს არ კეთდება. […] [საკითხის] გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კომკავშირის კომიტეტის წევრთა აზრით. ალბათ, ესე არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ კომკავშირელს, კრებებზე ამა თუ იმ მომზადებული ღონისძიებაზე დასწრების სურვილიც ეკარგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სისტემურ საზოგადოებრივ აქტივობაზე.

ლევან კარტოზია – 62-ე საშუალო სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, უფროსკლასელთა საქალაქო შტაბის თავჯდომარე: ჩვენს შტაბს დიდი გეგმები აქვს, ჯერ ჯერობით ყველაფრის ხორცშესხმა ვერ მოვასწარით. მთავარი კი მაინც უფროსკლასელთა ფართო მასებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება, მათი აქტიურ კომკავშირულ საქმიანობაში ჩართვაა. შტაბს ჯერ კიდევ სუსტი კავშირი აქვს დამყარებული რაიონულ შტაბებთან, ესეც მოსაგვარებელია. ახლა  ვამზადებთ თეორიულ კონფერენციის იდეალოგიური მუშაობას ყველა მხარის გათვალისწინებით, სასკოლო კომკავშირული ორგანიზაციების მუშაობის, პრაქტიკულ გამოცდილებებზე დამყარებით და მათი განზოგადებით.

გიო ნიკოლაიშვილი – ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის პირველი საშუალო სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, უფროსკლასელთა საქალაქო შტაბის წევრი: მე სწორედ შტაბის პრობლემებზე მინდა ვილაპარაკო. ამ სასწავლო წლის სექტემბრიდან, შტაბის წევრი ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი საინტერესო, საყურადღებო ღონისძიებები ჩავატარეთ. თეორიული კონფერენციები, საუბრები, მაგრამ როდესაც ამა თ იმ სკოლის კომკავშირი მუშაობას ვეცნობით, ვკმაყოფილდებით, თუ ვნახავთ ლამაზ და შინაარსიან გაფორმებულ ოქმებსა თუ გეგმებს. რაც ხდება მის მიღმა, ეს გულისხმობს თუ არა მჩქეფარე კომკავშირულ ცხოვრებას? […] არის თუ არა ყოველივე საინტერესოს, სასარგებლოს, სულისჩამდგმელი კომკავშირის კომიტეტი? ამის გარკვევა ჯერ ჯერობით არ გვიხერხდება.

ვკმაყოფილდებით, თუ ვნახავთ ლამაზ და შინაარსიან გაფორმებულ ოქმებსა თუ გეგმებს. რაც ხდება მის მიღმა, ეს გულისხმობს თუ არა მჩქეფარე კომკავშირულ ცხოვრებას?

რეპორტიორი – უფროსკლასელებს, განსაკუთრებით აწუხებთ თავისუფალი დროის პრობლემა. თქვენი აზრით, გვაინტერესებს ორმხრივ – თუ არ გაქვთ თავისუფალი დრო რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად? […] რას ახმართ თავისუფალ დროს და რა შესაძლებლობებს ისურვებდით მისი უკეთ გამოყენებისთვის?

გ.ნიკოლაიშვილი – […] მე პირადად ძალიან ცოტა დრო მრჩება მხატვრული ლიტერატურის კითხვის, კინოსა და თეატრისთვის. მეათე კლასში ხომ ჯამდება სკოლის წლების მთელი ნამუშევარი, ის რაც ათი წლის განმავლობაში მისცა მოსწავლეს სკოლამ, ის თუ როგორ იშრომა თვით მან ამ ხნის განმავლობაში. ესეც გასათვალისწინებელია – რაც უფრო მეტია დაბალ კლასებში მიღებული ცოდნის საფუძველი, მით უფრო იოლად ძლევ მეათე კლასის პროგრამას და შესაბამისად მეტი დრო გრჩება. დროის პრობლემა კი მაინც არსებობს, სხვანაირად მეათე კლასში, ალბათ არც შეიძლება.

მსგავსი/Related

Back to top button