მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ახალგაზრდა კომუნისტი, 1975: საუბარი ფოლად-ტუჯსასხმელ ქარხანაში დასაქმებულებთან

დამკვრელური შრომა, მუშაობის მაღალი ხარისხი, ფრიადზე

პროდუქცია უზადოდ

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”, 27.02.1975


რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.


ისტორიული კონტექსტი

კომკავშირი (რუს. Комсомол), ანუ სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი (ალკკ) რუსეთში 1918 წელს შეიქმნა. ეს ორგანიზაცია 18-25 წლის ახალგაზრდებს აერთიანებდა და კომუნისტური პარტიისათვის “კადრების სამჭედლოდ” ითვლებოდა. კომკავშირის დანაყოფები არსებობდა უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაბრიკა-ქარხნებშიც. როგორც ყველაფერი, კომკავშირიც მკაცრად ცენტრალიზებული ორგანიზაცია იყო.

“ახალგაზრდა კომუნისტი” იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. ის 1925 წელს დაარსდა თბილისში და ქართულ ენაზე გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1925-1990 წლებში. ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისას და, განსაკუთრებით, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, გაზეთი საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებისკენ გადაიხარა. 1990 წლიდან გაზეთმა სახელი და ნირი ღიად შეიცვალა და “ახალგაზრდა ივერიელი” ეწოდა.

ამ ინტერვიუში კორესპონდენტი ფოლად-თუჯსასხმელი ქარხნის, სავარაუდოდ, ავჭალის “ცენტროლიტის” (პირდაპირ ეს სტატიაში მითითებული არაა) კომკავშირლებს ესაუბრება: კომკავშირის კომიტეტის მდივნებს ე.მორჩილაძეს და კ.დალაქიშვილს, მოწინავე მუშას, მეკოპეთა კომკავშირულ-ახალგაზრდულ ბრიგადის ხელმძღვანელს ბ.გოგოლაძეს.

ინდუსტრიალიზაცია, მათ შორის მეტალურგიის განვითარება საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ავჭალის “ცენტროლიტი” ჯერ კიდევ 1934 წელს შეიქმნა, თუმცა დარგის საგრძნობი განვითარება საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევაკუირებული მეტალურგიული ინსტიტუტების კადრების ნაწილი აქვე დარჩა და ადგილობრივ კადრებთან ერთად დაიწყეს მეტალურგიული მრეწველობის განვითარება, განსაკუთრებით რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის ბაზაზე, რომელიც 1948 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობდა მანგანუმისა და ფერადი ლითონების შედარებით მცირე საბადოები, ინდუსტრიული მეტალურგიის განვითარებისთვის ნედლეულის მოწოდება ძირითადად საქ. სსრ-ს გარედან ხდებოდა, რაშიც ნათლად იკვეთებოდა გეგმიური ეკონომიკისათვის დამახასიათებული არაეფექტურობა. ამაზე არაპირდაპირი წუხილი და აქედან გამომდინარე პრობლემები სტატიაშიც იგრძნობა.


კორესპონდენტი – როგორც პარტიული კომიტეტის მდივნის საუბრიდან ჩანს, თქვენი საწარმოს წინაშე მდგომი ამოცანებიდან ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.

თქვენი საწარმოს სპეციფიკა ისეთია რომ აქ დამზადებული პროდუქცია პირდაპირ მომხმარებლის ხელში არ ხვდება. იგი ეგზავნება საწარმოებს ნახევარფაბრიკატების სახით და ამიტომ იმაზე, თუ რა ხარისხითაა შესრულებული თქვენი ნაწარმი დიდადაა დამოკიდებული ათობით საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქტის საბოლოო სახე, მისი ხარისხი.

ე.მორჩილაძე – უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან ხარისხი იქცა მთელი საწარმოს, მისი თითოეული მუშის უპირველეს საზრუნავად.

კ.დალაქიშვილი – ჩვენს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მეტად ზრდის საერთოდ ჩარხსამშენებლო მრეწველობის გაფართოება, რაც ჩვენგან სულ უფრო მეტი რაოდენობისა და უკეთესი ხარისხის პროდუქციას მოითხოვს.

ბ.გოგოლაძე – როცა ხარისხზე გაზგასმით ვლაპარაკობთ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ჩვენს საწარმოში უხარისხო პროდუქცია მზადდებოდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენი საწარმოს ერთი რგოლია იმ მთლიანი ჯაჭვისა, რომელსაც ასობით საწარმო ქმნის და ჩვენი მცირედი წუნი სხვასაც ხინჯად […]

კ.დალაქიშვილი – ვამბობთ, რომ ხარისხის ერთგვარ გაუმჯობესებას მივაღწიეთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – მაინც გვხვდება შემკვეთი საწარმოების საყვედურები, საჩივრები – თქვენგან გამოგზავნილი სხმული ზოგჯერ ხინჯიანია და მათ დამუშავებაზე ზედმეტი დრო გვეკარგებაო […]

კორესპონდენტი – უხინჯოდ მუშოაბა ძირითადად მაინც ოსტატობაზე, მუშის კვალიფიკაციის დონეზეა დამოკიდებული

ე.მორჩილაძე – ამიტომაცაა რომ დაბალხარისხიანი პროდუქციის ავტორებად უმეტესად გამოუცდელი ახალბედა მუშები გვევლინებიან […] ეს ბუნებრივია […] ამიტომაც ჩვენს საწარმოში მუშაობენ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლები, სადაც გამოცდილი მუშები ოსტატები ცოდნას უღრმავებენ ახალგაზრდებს.

[…]

ე.მორჩილაძე – ყოველ ახალ წელს სიახლეები მოაქვს ჩვენს ქარხანაში, წელს, მაგალითად, დაგეგმილია პირველი კვარტლის ბოლოს წარმოებაში გაიშვას ახალი სხმულები პირველი დამუშავებისა (პირველად საბჭოთა კავშირში) და თერმული დამუშავების უბნები.

კორესპონდენტი – ნედლეული ახსენეთ, პროდუქციის ხარისხი მასზედაცაა დამოკიდებული, გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ნედლეულის ხარისხი რომლითაც თქვენი საწარმო მარაგდება?

ე.მორჩილაძე – პროდუქციის ხარისხიანობა ჩემი აზრით, ორ ძირითად მომენტზეა დამოკიდებული. ერთია მიღებული ნედლეული და მეორეა მისი მაღალხარისხიანად, ტექნოლოგიური პროცესები ზუსტი დაცვით დამზადება. ნედლეულს ძირითადად რუსეთიდან ვღებულობთ. საყალიბე ქვიშას მილეროვოს კარიერი გვაწვდის, თიხას კი დრუშკოვოდან ვიღებთ. ჩვენს საწარმოს ასევე ამარაგებს მაკეევკის მეტალურგიული კომბინატი. უნდა ითქვას, რომ ხშირია უგაბარიტო და უხარისხო მასალებით მომარაგება.

კ.დალაქიშვილი – ნედლულის უხარისხობასთან ერთად, ხშირია დაგვიანების შემთხვევები. ეს განსაკუთრებით გვაღელვებს, რადგანაც ერთგვარ აჩქარებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში ძნელია იფიქრო პროდუქციის ხარისხზე.

ე.გოგოლაძე – ნედლეული ზოგჯერ ჰაერივით გვჭირდება. დღეს მაგალითად ათ საათზე შევუდექით საქმეს. მიზეზი? ნედლეულის დაგვიანებაა.

[…]

ბ.გოგოლაძე – ჩვენთვის ცნობილია, რომ მრავალ საწარმოში უკვე შექმნილია ეგრეთწოდებული გამჭოლი ბრიგადები, კარგი იქნებოდა ასეთი ჯგუფები ჩენთან, ერთმანეთთან დაკავშირებულ საწარმოებში ჩამოგვეყალიბებინა. მე ვგულისხმობ კომკავშირულ-ახალგაზრდულ ბრიგადებს. ჩვენც გვაინტერესებს თუ როგორ იყენებენ ჩვენს სხმულებს ადგილებზე, ზოგჯერ ხომ ისინიც სცოდავენ და მაშინ მათი წუნის გამო ჩვენი ნახელავიც უფასურდება. ვფიქრობ ასეთი ბრიგადები გარკვეულ წვლილს შეიტანენ პროდუქციის ხარისხის, საწარმოთა ურთიერთკავშირის გაუმჯობესებაში. ასეთი ურთიერთობები კონტროლი კარგი გარანტია იქნება პროდუქციის მაღალი ხარისხისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button