აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება: რუსეთს ჟენევის დისკუსიების ადგილის შეცვლა სურს
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ და მთავარმა დიპლომატმა ინალ არძინბამ 26 თებერვალს განაცხადეს, რომ მოსკოვი დაჟინებით ითხოვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე „ალტერნატიულ ადგილად მინსკი და ბაქო განიხილება“. ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჟენევას აღარ შეუძლია „თანაბარი პირობების უზრუნველყოფა მოლაპარაკების პროცესის მონაწილეთათვის“.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მისი მოსკოვში ვიზიტის დროს დააყენა.
„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ ეს პლატფორმა, ასე ვთქვათ, დიდწილად ამოიწურა. ამიტომ მან იკითხა, ექნებოდა თუ არა აფხაზურ მხარეს რაიმე წინააღმდეგობა უფრო შესაფერისი ფორმატის გამოძებნაზე მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. სხვებთან ერთად დასახელდა ბელარუსის დედაქალაქი, მინსკი ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალური სახელმწიფოები“, – განაცხადა ბჟანიამ.
არძინბამ დასძინა, რომ მოლაპარაკებების პოტენციურ ადგილად ასევე განიხილება აზერბაიჯანი, კერძოდ კი მისი დედაქალაქი ბაქო.
არძინბას 2023 წლის ანგარიში
რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, არძინბამ ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან კონსულტაციების 2024-2025 წლების გეგმის მნიშვნელობაზე, რომელიც ე.წ. უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისკენაა მიმართულია. მან აღნიშნა, რომ იგეგმება რუსეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროებში. არძინბამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასობით აფხაზ ახალგაზრდას აქვს წვდომა რუსულ უნივერსიტეტებზე, სტაჟირებასა და სამუშაოზე.
რაც შეეხება ბელარუსთან ურთიერთობას, ინალ არძინბამ ხაზი გაუსვა მინსკში „სავაჭრო სახლი აფხაზეთის“ „წარმატებულ რეგისტრაციას“, რაც ამ ქვეყანასთან „სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებს“. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზური საქონლის უბაჟო იმპორტზე ბელარუსში, ასევე პროგრესზე ბელარუსი ინვესტორების მონაწილეობით აღმოსავლეთ აფხაზეთში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით.
ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში გაიზარდა რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს მუდმივმოქმედ კომიტეტთან ურთიერთქმედება. მან ასევე განაცხადა, რომ დე-ფაქტო სამინისტრო აქტიურად მუშაობს BRICS-ის ღონისძიებებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, რომელსაც რუსეთი თავმჯდომარებს, რათა აფხაზეთის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები უზრუნველყოს.
ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას არძინბა სირიაში ვიზიტს და სირიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს შეეხო და განაცხადა, რომ იგეგმება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ვიზიტი აფხაზეთში, ასევე სოხუმში სირიის „საელჩოს“ გახსნა. არძინბას თქმით, ასადის დახმარებით განვითარდა ურთიერთობები ალჟირთან და ირანთან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, არძინბამ აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „აღიარებისთვის“პალესტინას, ავღანეთს, იემენს, ჩრდილოეთ კორეას და სერბეთს მიმართეს.
არძინბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „სისტემატიურ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს [რუსეთის] სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [უკრაინაში] და რეგულარულად ურთიერთობს რუსეთის ფედერაციის ახალ [ოკუპირებულ] რეგიონებთან“.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/10/2023 – ბჟანია მზადაა რუსეთის სამხედრო ფლოტს უმასპინძლოს და სურს საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს
- 11/10/2023 – არძინბა: საკავშირო სახელმწიფოში შესვლა აფხაზეთის ძირეულ ინტერესებშია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)