ახალი ამბები

ბჟანია მზადაა რუსეთის სამხედრო ფლოტს უმასპინძლოს და სურს საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის გეგმებზე ისაუბრა. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია, ბელარუსთან რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს შუერთდეს.

„მუდმივი ბაზირების პუნქტი“

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო ურთიერთობებზე საუბრისას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ამ კუთხით მუდმივია. „ჩვენი დღესასწაულის დღეს, ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო გემი, ჩვენ ბორტზე ავედით – ძალიან თანამედროვე გემი იყო, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში გაიხსნება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი“, – განაცხადა ბჟანიამ და ბაზის შესახებ დეტალების დაკონკრეტების გარეშე დასძინა, რომ „უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას“.

„საკავშირო სახელმწიფო“ აღიარებასთან ერთად

ბჟანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან აფხაზეთის მიერთების თაობაზე, თუმცა განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეობით აფხაზეთის ინტერესები დაცული უნდა იყოს და რომ „ეთნიკურ ჯგუფს“ განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ამასთან, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა „საერთაშორისო აღიარების“ იმედიც გამოთქვა და ამ კუთხით რუსეთის „სერიოზულ მხარდაჭერას“ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს პროცესი „ბევრ ქვეყანასა და ბევრ კონტინენტზე“ მიმდინარეობს.

ღარიბაშვილი – პრაგმატული ლიდერი

კითხვაზე არის თუ არა პროვოკაციები ქართული მხრიდან, ბჟანიამ განაცხადა, რომ „ზოგჯერ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები [აფხაზეთის] საჰაერო სივრცეს არღვევენ“. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი „პრაგმატული ხალხია“ და „დიდ პრობლემებს“ ადგილი არ ჰქონია.

მანვე განაცხადა, რომ დე-ოკუპაცია კვლავ ქართული მხარის დღის წესრიგში რჩება. ამიტომაც, „არ ვაპირებთ არავის პროვოცირებას ჩვენი სისუსტით, ვიცით რა გვინდა და როგორ ვიმოქმედოთ“.

4 ოქტომბერს ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც „აახლოებს სახელმწიფოების პოზიციებს ერთიანი სოციალ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში“. თავის შესავალ სიტყვაში, პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button