ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თანათავმჯდომარეების შეფასება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა პრეს-კომუნიკეში აღნიშნეს, რომ „ეს იყო დისკუსიების მესამე რაუნდი, რომელიც წელს უაღრესად რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ გარემოში ჩატარდა“. მათ აღნიშნეს, რომ „მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დისკუსიების მნიშვნელობა და აღიარეს მისი, როგორც ერთადერთი პლატფორმის როლი, სადაც ბოლო 15 წელია კონფლიქტის შედეგები განიხილება“.

თანათავმჯდომარეების თქმით, „რაუნდი გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე“. ამ კონტექსტში, „ვრცლად იქნა განხილული 2023 წლის 6 ნოემბერს მომხდარი სასიკვდილო ინციდენტი, რა დროსაც მონაწილეებმა მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს“.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

თბილისის პოზიცია

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ქართულმა დელეგაციამ დააყენა „ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები“.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი „რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას“.  

„რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვისა და ცხინვალის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში სოხუმთან და ცხინვალთან „თბილისის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას“, რათა „რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების დადებაზე, და ასევე დაიწყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საჭიროა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება“ შავი ზღვის რეგიონში „ნატოს მზარდი აქტივობის, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო ათვისების გეგმების განხორციელებისა და ამ ქვეყნის თანამედროვე იარაღით მომარაგების გამო“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია საოკუპაციო ხაზებზე „ზოგადად სტაბილური იყო ცალკეული ინციდენტების გარდა“. სამინისტრო მიესალმება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობას და გალში ამავე მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სამინისტრო გმობს გაერო გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს საქართველოში დევნილებისა და ლტოლვილების შესახებ და აცხადებს, რომ „ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს და ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებზე ურთიერთქმედებას უშლის ხელს“.

ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა ქართული მხარის პროვოკაციებზე, სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ფაქტებზე და სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის მნიშვნელობაზე, რათა არ მოხდეს უნებლიე დარღვევები“. ამ განცხადებით ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის „დელიმიტაციისა და დემარკაციის“ შესახებ მოსკოვის პოზიცია გაიმეორეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის „გაღრმავებას“, როგორც „სერიოზულ გამოწვევას რეგიონული სტაბილურობისთვის და საფრთხეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის“.

„მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ, მიუხედავად ქართველი მონაწილეების უკიდურესად დესტრუქციული პოზიციისა და უხეში თავდასხმებისა სამხრეთ ოსურ, რუსულ და აფხაზურ მხარეებზე, რიგი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები წამოჭრა, რომელთა შორისაც იყო სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ბედი“, – განაცხადეს ცხინვალის წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ „ამ მიმართულებით პროგრესი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ელემენტი ნდობის დამყარებაში“ ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის.

„დევნილთა პრობლემაზე დისკუსია არ ყოფილა. დევნილთა საკითხზე დისკუსიის განახლება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც საქართველო შეწყვეტს ამ პრობლემის ხელოვნურად პოლიტიზების მცდელობებს“, – ნათქვამია ოსური მხარის განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button