skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

27 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების „გადამწყვეტ როლს“ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების დაცვის საქმეში.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ელჩის თქმით, ის როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, „ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია“. „არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან.  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ“, – აცხადებს ელჩი ჰერჩინსკი.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაგონილი არ ყოფილიყო“.

ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. „მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სხვებმა არაერთხელ დაადანაშაულეს არასამთავრობო ორგანიზაციები „გაუმჭვირვალობაში“, „პოლიტიკურ მიკერძოებასა“ და „ექსტრემიზმის დაფინანსებაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button