ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავს ეხმიანებიან

24 თებერვალს, საქართველოს ლიდერები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორ წლისთავს აღნიშნავენ მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით. ამ დღის აღსანიშნავად უკრაინაში ბევრი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა, თუმცა ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საქართველოს ლიდერებისა და პოლიტიკოსების განცხადებებს ომის დაწყების ორ წლისთავთან დაკავშირებით:

საქართველოს ლიდერების განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე: „ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა. უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში. სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე. გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“.

მმართველი გუნდი

მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: „არ შეიძლება იყოს შეწყნარებული ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარულად მხარში დგომა და ყველა დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ჩვენ ავხსენით ისიც, რომ მაგალითად, ისეთი რადიკალური ზომების მიღებისგან, როგორიც არის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების დაწესება, რასაც შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს საქართველოზე, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმიტომ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დევს სასწორზე… გარისკვის უფლება ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გვაქვს. ეს არის მთავარი რამ, რაც, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეს და კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციის გამოკლებით და უნდა ესმოდეს, რა თქმა უნდა, უკრაინასა და მთლიანად ცივილიზებულ სამყარო“.

ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნება“: „ყველაფერი, რაც კი შეეძლო საქართველოს  კომპენსაციებით დაწყებული, [უკრაინელი]ბავშვებისათვის მათ მშობლიურ ენაზე  სასწავლო პროცესის შექმნით დამთავრებული, გავაკეთეთ. სახელმწიფომაც და ხალხმაც ჰუმანიტარული დახმარება უშურველად გაიღო… მაგრამ ჩვენ, თავიდანვე ვთქვით, რომ ისეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ… სამხედრო ხასიათის ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება რუსეთის მხრიდან  საქართველოზე  პროვოკაციის, ესკალაციის და აგრესიის განხორციელების საბაბი გახდეს“.

 ოპოზიცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „ორი წელია, რაც უკრაინა წარმოუდგენელი სიმამაცით იბრძვის სასტიკი მტრის წინააღმდეგ, რათა დაიცვას თავისუფლება და ევროპული არჩევანი. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის გმირული ბრძოლა მთელს ევროპას იფარავს. თავისუფალმა სამყარომ უნდა განაგრძოს  მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გასამარჯვებლად, თუ გვსურს უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „დღეს შესრულდა 2 წელი მას შემდეგ, რაც უკრაინაში გმირი ხალხი და მებრძოლები, მათ შორის, ჩვენი ქართველი ბიჭები, დაუღალავად ეწინააღმდეგებიან ბოროტების იმპერიას და იცავენ საკუთარ ქვეყანას, შვილებს, დედებს და ოჯახებს. პატივს ვცემ მათ ურყევ სიმამაცეს, ვინც დაუღალავად იბრძვის უკრაინაში თავისუფლებისთვის. მათი გამძლეობა იმედისა და შთაგონების მომცემია ყველასთვის, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button