skip to content
ახალი ამბები

უკრაინა საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკის გადაცემას სთხოვს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ 23 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის მხარემ საქართველოს მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ საინჟინრო ტექნიკა გადასცენ. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის ტექნიკის მოთხოვნა „სხვა მიზნების ეჭვს აჩენს“.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსიის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლექსანდრ შულგამ განმარტა, რომ უკრაინის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებს უგზავნის წერილებს და სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთხოვს და თითოეული ქვეყანა წყვეტს, რა ტიპის დახმარება აღმოუჩინონ. საქართველოს მხრიდან უკრაინამ 2022-2023 წლებში სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარებები მიიღო, მათ შორის წამლები, 500 გენერატორი და სხვა დახმარება.

ოლექსანდრ შულგამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკა სთხოვა, რადგან იმ პირობებში, როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ნანგრევებისგან გასუფთავება. თუმცა, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მას ეს განმარტება საჭვოდ მიაჩნია.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ არის ახალი რაღაც ნეგატიური, სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი და სხვა მიზნები არ გააჩნია. როცა მთელი ცივილიზებული სამყარო [უკრაინას გვერდით] უდგას, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიც არის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები და ეხმარებიან სხვადასხვა ტექნიკით, საქართველოსთვის ტექნიკის მოთხოვნა რაღაც სხვა მიზნების ეჭვს აჩენს, რომ რაღაც კამპანიის დასაწყისი არ იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ოლექსანდრ შულგამ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დაბალ“ დონეზეა. მისი თქმით, უკრაინა გულგრილი ვერ დარჩება საქართველოში რუსეთის ეკონომიკური გავლენის გაძლიერების, ტურისტების შემოდინების, ვაჭრობის გაფართოებისა და საჰაერო კავშირების აღდგენის მიმართ. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს ჩარეულა საქართველოს საშინაო საქმეებში, თუმცა მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button