skip to content
დაწვრილებით

პოლიტიკის ნარკვევი: ურთიერთობები საქართველოს და უკრაინას შორის ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულზეა

პოლიტიკის ნარკვევი “საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები: სტრატეგიული მოკავშირეები ანტაგონიზმის სპირალში” მკვლევარ ვოლოდიმირ პოსვიატენკოს ავტორობით განიხილავს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების სირთულეებს – ეს ორი ქვეყანა ერთ დროს ახლო სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებოდა – დღეს კი მათი ურთიერთობები ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულზეა.

კომპლექსური დინამიკა “ქართული ოცნებისა” და უკრაინის ურთიერთობებში

დოკუმენტის თანახმად, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ქართული ოცნების მთავრობის ბუნდოვანმა პოზიციამ რუსეთის აგრესიის თაობაზე უთანხმოება უკრაინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გააღრმავა და დაძაბულობამ სიმწვავის არნახულ დონეებს მიაღწია, რამაც დააზიანა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

ნარკვევის მიხედვით ქართული ოცნების ბუნდოვანი პოზიცია აიხსნება იმით, რომ “ქართული ოცნების ხელისუფლებას სჯერა, რომ ვინაიდან საქართველო ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის მიღმაა, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირების საუკეთესო გზა რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკის გატარებაა. უკრაინის აზრით კი, საქართველოს ასეთი ქცევა ამ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს”.

ასევე, “საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის წარმოქმნილმა უამრავმა უთანხმოებამ იდეოლოგიური, ღირებულებითი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ორიენტაციაში განსხვავებები და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა გამოავლინა”.

ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ცვალებადი ხასიათის მიუხედავად, ამ ქვეყნების მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ ძალზე დადებითად არიან განწყობილნი. ამას ადასტურებს უკრაინის მიმართ ქართველების საყოველთაო მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დროს – საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, 88%, უკრაინის მხარდამჭერია. ამასთან 98%-ს ძალიან დადებითი (90%) და დადებითი (8%) საერთო დამოკიდებულება აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინელი მოხალისეები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ აფხაზეთის ომში, ხოლო ქართველი მოხალისეები უკრაინის მხარეს იბრძვიან 2014 წლიდან და უცხოელი მეომრების ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ. უკრაინის გამარჯვება საქართველოსთვის ნიშნავს შესაძლებლობას, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ.

ამავდროულად ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ „არგაღიზიანების“ პოლიტიკა აირჩია, რომელიც გულისხმობდა უფრო თავშეკავებულ და შემრიგებლურ მიდგომას რუსეთის მიმართ, კონფრონტაციული რიტორიკისგან თავის შეკავებასა და ეკონომიკურ საკითხებზე კონცენტრირებას. მეტიც,  ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და საქართველოს ოპოზიციურ პარტიას – ენმ-ს შორის კავშირებზე. ამ ვარაუდებიდან შეთქმულების თეორია შეიქმნა, რომელსაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ხშირად იმეორებენ, თითქოს ენმ, უკრაინის ხელისუფლება და უცნობი დასავლელი ლიდერები – ე.წ. „გლობალური ომის პარტია,“ ერთად ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა ე.წ. „მეორე ფრონტი“ გახსნან რუსეთის წინააღმდეგ.

ქართული საზოგადოების აზრი მთავრობის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ გაყოფილია. მოსახლეობის მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს.

რუსეთთან საქართველოს მზარდი ეკონომიკური კავშირები შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანია უკრაინისთვის. “უკრაინას მიაჩნია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს რუსეთთან, პოტენციურად ზრდის რუსეთის შესაძლებლობას, თავი აარიდოს სანქციებს და გააგრძელოს ომი”.

ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა, ზოგადად, აკრიტიკებს მთავრობის მიდგომას რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიმართ. მოსახლეობის 57% არ ეთანხმება საქართველოს მთავრობის მიდგომას, ხოლო 69% ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას.

სააკაშვილის ფაქტორი

ორ სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი სიახლოვე 2000-იან წლებში იყო, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში. ამ დროს დაიწყო საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც ამ ორი ქვეყანის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთო მიზნით იყო განპირობებული. უკრაინაში მოსწონდათ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები. შედეგად, ყოფილი პრეზიდენტის პარტიასა და უკრაინის პროდასავლელ პოლიტიკოსებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდა.

ქართული ოცნების მთავრობისთვის, ენმ-დან მისი პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საშინაო პოლიტიკაში ჩართვა განხეთქილების მთავარი
ფაქტორი იყო ამ ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში. სააკაშვილისთვის უკრაინის
მოქალაქეობის მინიჭებამ და ოდესის რეგიონის გუბერნატორად მისმა დანიშვნამ ქართული
ოცნების ხელისუფლება გააღიზიანა, უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ ამ
საკითხს ორმხრივი ურთიერთობების მიღმა განიხილავდა. ამრიგად, ე.წ. „სააკაშვილის ფაქტორი“ განხეთქილების ერთ-ერთი ელემენტი გახდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში.

ასოცირების ტრიოს დინამიკაში ცვლილება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის დინამიკა დაარღვია, უბიძგა რა უკრაინას, ოფიციალური განაცხადი შეეტანა ევროკავშირის წევრობაზე, რომელსაც მალევე საქართველო და მოლდოვას განაცხადები მოჰყვა. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველომ კი დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის იურიდიული დადასტურება მიიღო.

აღნიშნულმა, საქართველოს და უკრაინის მთავრობებს შორის არსებულ უთანხმოებასთან ერთად, შეასუსტა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ერთობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ამ გადაწყვეტილებას წინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის რამდენიმე კომენტარი უძღოდა, რომლებშიც მან განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველოსთვის სტატუსის არმიცემით ქვეყანა „ომის არგაჩაღების გამო“ დასაჯეს. ეს კომენტარები აღქმული იქნა უტაქტო განცხადებებად, რომლებიც ხელს უშლიდა უკრაინა-საქართველოს შერიგების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ უკრაინის რუსეთთან ბრძოლაში წინააღმდეგობამ უბიძგა ევროკავშირს, უფრო პოზიტიური პოზიცია დაეკავებინა ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პოტენციურ წევრობის მიმართ.

დასკვნები და რეკომენდაციები

დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების პრიორიტეტიზაცია, რადგან სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უთანხმოება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ამის მისაღწევად, კვლევა გვთავაზობს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას:

საქართველოს მთავრობამ:

  • მკაფიოდ გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ;
  • მეტი სიცხადე შეიტანოს კომუნიკაციაში სანქციების და სამხედრო დახმარების საკითხების თაობაზე;
  • გამართოს შინაარსიანი დისკუსიები იმ ზომების თაობაზე, რითაც საქართველოს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას;
  • გააანალიზოს საქართველოს სავაჭრო კავშირების დივერსიფიცირების და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობები;
  • გამოხატოს მზადყოფნა ასოცირებული ტრიოს ფორმატის გამოცოცხლების მიმართ და გამოიყენოს იგი თანამშრომლობის გაღრმავებისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მისაღწევად;
  • გაააქტიუროს მონაწილეობა მრავალმხრივ ინიციატივებში უკრაინასა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნების მონაწილეობით, მათ შორის „სამი ზღვის ინიციატივაში“ და შექმნას თანამშრომლობის ახალი ჩარჩოები შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც უკრაინასთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

უკრაინის მთავრობამ:

  • განიხილოს საქართველოში ელჩის ხელახლა დანიშვნის საკითხი;
  • გააკეთოს განცხადებები მხოლოდ ავტორიზებული არხების მეშვეობით,საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეებისა და საქართველოს შიდა და რეგიონული პოლიტიკური გარემოს მგრძნობელობის გათვალისწინებით;
  • გადახედოს თავის მიდგომას საქართველოდან სამხედრო დახმარების შესახებ და
    თავი შეიკავოს სამხედრო დახმარების მოთხოვნისგან, რადგან საქართველოს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა არ იცავს;
  • მოახდინოს ორმხრივი ურთიერთობების დეპერსონალიზაცია და კონცენტრირდეს
    ინსტიტუციონალიზებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე;
  • მკაფიოდ გამოხატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში
    ინტეგრაციის მიმართ;
  • ხელი შეუწყოს და წაახალისოს თანამშრომლობა უკრაინისა და საქართველოს
    სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button