მთავრობის მიერ გაგზავნილი 25 გენერატორი უკრაინაში ჩაიტანეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 6 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.
სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს დახმარებით გენერატორები საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში – ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვისა და კიევის ოლქებზე, ასევე დედაქალაქ კიევზე გადანაწილდა.
სამრეწველო დანიშნულების გენერატორები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 1.5 მლნ ლარად იყიდა. სამინისტროს ცნობით, მათი საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
„აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გენერატორები დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ გაგზავნა, რაც მანამდე, რაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა 6 დეკემბერს თქვა, რომ გენერატორები საქართველოს ხელისუფლებას 1 თვის წინ სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
მანამდე, დეკემბრის ბოლოს, უკრაინაში სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეძენილი 338 გენერატორიც ჩაიტანეს.
რუსეთის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად უკრაინას ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მძიმე ზამთრისთვის მომზადებისა და საკვებით, წყალითა და თბილი ტანისამოსით მომარაგებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. მათ მსოფლიოსგან გენერატორებით დახმარებაც ითხოვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)