ახალი ამბები

ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამავე ინფორმაციით, დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.

საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა „საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით“.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button