საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 10 ოქტომბერს დუბაიში ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც, მისი თქმით, „მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97,5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022–2023 წლების მზარდ სავაჭრო ბრუნვაში აისახა. ამასთან, მან იმედი გამოთქვამს, რომ „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი“.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას. ის გარეობა, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში – მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო მოპოვებით სექტორებში.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს „იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში“. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/02/2023 – ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა
- 01/11/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)