ახალი ამბები

ეროვნული არქივის ფილმების საცავში ხანძარი გაჩნდა

8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთ შენობაში, სადაც ინახებოდა ქართული ფილმების ორიგინალები და აუდიო მასალა, რომელთა ნაწილიც მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება.

საქართველოს ეროვნული არქივის პრეს-რელიზის თანახმად, შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირის ასლი კინოარქივში ინახება. ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და ის ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცნობია დაიწვა თუ არა ყველა ფირი. ეროვნულ არქივსა და კულტურის სამინისტროს ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ცეცხლი არ გავრცელდა მთავარი არქივისა და სხვა ახლომდებარე შენობებზე. ინფორმაცია ხანძრის მიზეზების ან იმის შესახებ, დაიწყო თუ არა გამოძიება ჯერ არ გავრცელებულა.

ინციდენტმა მედიასა და პროფესიულ წრეებში მწვავე კრიტიკა გამოიწვია ეროვნულ არქივთან დაკავშირებული დაუდევრობის გამო, ვინაიდან მათი თქმით, არ არსებობს უსაფრთხოებისა და სათანადო ლოგისტიკური პირობები, ხოლო მთელი საარქივო მასალა ძალიან ძველ შენობებშია განთავსებული.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ განაცხადა, რომ კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა. ლაბორატორია აღნიშნავს, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი „რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად“ და აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია „კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატიური ხელის შეშლის ფონზე, „ძნელია ნდობით მოვეკიდოთ  მტკიცებას იმის შესახებ, რომ ყველა განადგურებული ფირი გაციფრულებულია“. ამიტომ, ლაბორატორია მოითხოვს  კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას, ასევე კატასტროფაზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აიძულოს სახელმწიფოს საარქივო საცავების ადეკვატური მოვლა და, ასევე, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და საზოგადოებასთან არმოთანამშრომლე სისტემიდან გადაიქცეს ღია და საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო ინტერესის მომსახურე ინსტიტუციებად“, – აცხადებს ლაბორატორია.

ლაბორატორია განმარტავს, რომ კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი, რომელშიც უნიკალური წყაროებია თავმოყრილი, „მუხიანში „სილქნეტის“ შენობის მეოთხე სართულზეა შეხიზნული სრულიად შეუფერებელ და სახიფათო პირობებში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი, რომლის მნიშვნელობა განმარტებასაც არ საჭიროებს, პოლიციის აკადემიის ეზოში ყოფილ დამხმარე ნაგებობაშია მოთავსებული, მოქმედი სასროლეთის გვერდით“.

ლაბორატორიის თქმით, ასეთ რთულ პირობებშიც კი, მკვლევრებს სახელმწიფო უკრძალავს, დოკუმენტებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადაუღონ ფოტოები და „პერსონალური მონაცემების კანონის მავნებლური ინტერპრეტაციით, მათ განზრახ ხელს უშლის უახლესი წარსულის კვლევაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button