ახალი ამბები

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი მთავრობას საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო აკრიტიკებს

მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა (GMC) 15 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობას კანონის დარღვევასა და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში ადანაშაულებს.

განცხადების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, „წლიდან წლამდე საზოგადოებისთვის უარესდება საჯარო ინფორმაციაზე წვდომა“.  

ორგანიზაციის თქმით, მისი პროექტის „ფლანგვის დეტექტორის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საჯარო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მასზე დაყრდნობით კვლევების მომზადება წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაცია სხვადასხვა სამინისტროსგან, მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან აქტიურად ითხოვს საჯარო ინფორმაციას. „თუმცა, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენს კითხვებზე პასუხის მიღება, რაც ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება იმ უწყებების ჩამონათვალსაც შეიცავს, რომელთაც ყველაზე ხშირად დაარღვიეს კანონი და მიზანმიმართულად არ გასცეს საჯარო ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობა: „ფლანგვის დეტექტორი 2021 წლიდან ცდილობს მიიღოს საჯარო ინფომაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ და წამომადგენლობით ხარჯებზე, თუმცა აღმასრულებელი ორგანო ყოველ ჯერზე მკვლევრების წერილებს უპასუხოდ ტოვებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საქართველოს მთავრობა „2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ არ აქვეყნებს მთავრობის განკარგულებებს, რა დროსაც არღვევს არა მხოლოდ ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებას მივიღოთ საჯარო ინფორმაცია, არამედ მთავრობის რეგლამენტს“.

კულტურის სამინისტრო: განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, „სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა“. „ფლანგვის დეტექტორმა“ კულტურის სამინისტროს 6 წერილით მიმართა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია დღემდე არ მიუღია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ორგანიზაციააცხადებს, რომ 2023 წლის იანვარში ორგანიზაციის მკვლევრებმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართეს. „უწყებაში წერილის გაგზავნიდან 3 თვეზე მეტი უკვე გავიდა, შესაბამისად, ორგანიზაციამ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და სასამართლოსთვის მიმართვა გვირჩია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„წლიდან წლამდე საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უარესდება,  რაზეც მეტყველების ფლანგვის დეტექტორისთვის პასუხგაუცემელი წერილების ოდენობა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ინფორმაციის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. მათ შორის, საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდასთან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button