ახალი ამბები

საქართველო Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიშში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის მიერ 12 იანვარს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით მიხედვით 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მდგომარეობა კვლავ “არასტაბილური” იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვით ხასიათდებოდა. Human Rights Watch ხაზს უსვამს მთავრობის წარუმატებელ მცდელობას, 2023 წლის მარტში მიეღო “უცხოელი აგენტების” კანონი, რაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას ძირს გამოუთხრიდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების დარღვევებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მოქალაქეებისათვის შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უფლების შელახვას. ანგარიშში წამოჭრილ სხვა პრობლემურ საკითხებს შორისაა თავდასხმები მედიის თავისუფლებაზე, ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლო შრომითი პირობები და ლგბტ საკითხების უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში. სულ ბოლოს ანგარიში საერთაშორისო აქტორების მიერ საქართველოში 2023 წელს მიმდინარე ძირითად მოვლენებზე დაფიქსირებულ პოზიციებს აჯამებს.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

Human Rights Watch-ის ანგარიშში განსაკუთრებულად გამოყოფს იმ სადავო კანონპროექტს, რომელიც მინიმუმ 20 პროცენტით უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობოებს “უცხოეთის გავლენის აგენტად” რეგისტრაციას ავალდებულებდა.

ანგარიშის მიხედვით, მართალია სახალხო პროტესტის ფონზე, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ მთავრობამ სამოქალაქო სექტორის მიმართ მტრული რიტორიკა მაინც გააგრძელა.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წამოყენებულ ბრალდებებსა და გამოძიებას, თითქოსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს მთავრობის დამხობის მომზადების შესახებ.

სამართალდამცველთა დარღვევები და რეაგირების ნაკლებობა

Human Rights Watch, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს პოლიციელთა მხრიდან ძალაუფლების გადამეტებისა და შეკრების თავისუფლების უკანონო შელახვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ანგარიში ასევე საუბარია სპეცრაზმის მიერ “უცხოეთის აგენტების” კანონის გასაპროტესტებლად სპონტანურად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობის ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სამართალდამცავების მიღებული ზომები იყო არაპროპორციული და არააუცილებელი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც უფლებამოსილების გადაჭარბების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი, პოლიციელთა ქმედებების შესწავლა დაიწყო მას შემდეგ, რაც დარღვევებთან დაკავშირებით 124 საჩივარი მიიღო. ანგარიშზე მუშაობის დროს კვლავ მიმდინარეობდა გამოძიება.

Human Rights Watch ასევე პოლიციელთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დევნის გამოყენების პრობლემურობასაც ახსენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ხშირად მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს ემყარება და სამართლიანი სასამართლო პროცესის ნორმებს უგულებელყოფს.

თავდასხმები მედიაზე

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მანძილზე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მუქარისა და თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2023 წლის ოქტომბრისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიღებული ჰქონდა 37 საჩივარი, ხოლო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევის 12 საქმეზე გამოძიება ჰქონდა დაწყებული.

Human Rights Watch-ს ყურადღება გამახვილებული აქვს ფორმულას დამფუძნებლებზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე. ანგარიშში ასევე ნახსენებია პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესების გამკაცრება, რის შედეგადაც ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, ჟურნალისტებს პარლამენტზე წვდომა შეუზღუდონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დეპუტატებს სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც დაუსვამენ შეკითხვებს.

ანგარიშში ასევე საუბარია პარლამენტის ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლების გაზრდის შესახებ, რომლის შედეგადაც კომისიას გადაცემის შინაარსის დასანქცირება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი ის უხამსობას, სიძულვილის ან ტერორიზმის გაღვივების გზავნილებს შეიცავს.

ანგარიშში ადგილი ეთმობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწინავე ოპოზიციური მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

შრომითი უფლებები

Human Rights Watch-ის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული საკანონმდებლო გაუმჯობესებისა, შრომითი უფლებების საკითხი კვლავ პრობლემურია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებული რეგულაციები არასათანადოა, ასევე ქვეყანაში გავრცელებულია ხელფასის ქურდობის პრაქტიკა და სოციალური დაცვის საშუალებები მინიმალურია.

Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოში პროფკავშირებს არ აქვთ საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები იმისათვის, რომ ეფექტურად იბრძოლონ სისტემური ცვლილებებისთვის. ასევე, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების საკითხი ისევ პრობლემურია და ამ კონტექსტში, დასაქმებულთათვის ყველაზე სახიფათო სექტორად კვლავ სამშენებლო სფერო რჩება.

სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და თანასწორობა

ამ ნაწილში, ანგარიში ანტი-ლიბერალური ჯგუფების მიერ “თბილისი პრაიდი” ფესტივალის ჩაშლაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ ძალადობრივი ჯგუფები არ იქნენ შეჩერებული ხელისუფლების მიერ.

ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ არ უზრუნველყო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის შესაძლებლობა, სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების გავლის გარეშე.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია არ ასახავს გენდერს მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, და ამრიგად არ აღიარებს ყველა ქალის უფლებების აღიარებას. Human Rights Watch ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ძალადობისა და შევიწროების კონვენცია რატიფიცირებული არ აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button