skip to content
ახალი ამბები

SJC: აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოსგან პოლიტიკის სისტემურ გადახედვას მოითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 28 დეკემბერს რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონის მიმართ პოლიტიკის სისტემური გადახედვისკენ მოუწოდებს.  

27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  მოგვიანებით, იმავე დღეს ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. გადაწყვეტილებას ოპონენტების აქციები მოყვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებით რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთის მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების ხელით, აგრძელებს წლების წინ დაწყებულ ანექსიურ პროცესებს, რომელიც „მიზნად ისახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კონტროლის კონსოლიდირებას, ადგილობრივი რესურსების და სტრატეგიული ობიექტების მითვისებას და ადგილზე დემოკრატიული პროცესების დასუსტებას“. ორგანიზაციის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის შემდეგ, რუსეთი  გააგრძელებს  „აფხაზეთში ბუნებრივი რესურსებისა და უძრავი ქონების ათვისების პრაქტიკას და მომავალში ეს პოლიტიკა ათასობით აპარტამენტის მშენებლობასა და რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლების მინიჭების საკითხსაც შეეხება“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ აგარაკების გადაცემაზე შეთანხმება ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში გაფორმდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას შორის, „სახალხო კონსულტაციების და დემოკრატიული პროცესების გარეშე“. ორგანიზაციის თქმით, აფხაზეთის საზოგადოებამ ფაქტის შესახებ მხოლოდ 2022 წლის ივლისში შეიტყო, როდესაც დე-ფაქტო პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთში აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგო მოძრაობის დაწყება მოყვა.

„უკვე წლებია ამ პროცესში აფხაზური საზოგადოება აჩვენებს მედეგობას და წინააღმდეგობის რესურსს დაიცვას რესურსების კონტროლზე ავტონომია და არ დაუშვას ბუნებრივი რესურსების, უძრავი ქონების და სტრატეგიული ობიექტების შემდგომი აპროპრიაცია რუსეთის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. „აღნიშნულ პროცესებს აფხაზური საზოგადოების აზრით, ექნება არა მხოლოდ მძიმე პოლიტიკური, არამედ ნეგატიური დემოგრაფიული, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენები მათ ყოფაზე და მომავალზე“.   

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აფხაზური საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების წუხილები ერთმანეთს ემთხვევა და აფხაზურ საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება რუსეთის ანექსიური მცდელობების მიმართ. ამ რეალობის გათვალისწინებით, „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ცხადი საპასუხო პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, გააძლიერებდა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს და ყურადღებას აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ, მეორეს მხრივ, კი აფხაზურ საზოგადოებას შესთავაზებდა ახალ სამშვიდობო ალტერნატივებს, რომელიც უსაფრთხოებასთან, მომავალთან და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით მათ წუხილებს უპასუხებდა“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებას სწორედ ამგვარ გარდამავალ რეალობაში უნდა მიეღო ახალი, გაბედული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მშვიდობის, ადამიანური უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების საერთო ინტერესებს და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების შფოთს, შიშებს და უკმაყოფილებას უპასუხებდა. „მით უფრო, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ევროინტეგრაციის პროცესს ძირეული გავლენის მოხდენა შეუძლია კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სამწუხაროდ, ეროვნული მნიშვნელობის მქონე ამ საკითხებზე სახელმწიფოს არ აქვს შექმნილი დემოკრატიული პროცესი, რომელიც საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით არსებული პოლიტიკის გადააზრების, ახალი ხედვების და შესაძლებლობების გენერირებისა და შიდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური  შეთანხმებების მიღწევის წინაპირობებს გააჩენდა“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

  • პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარმოადგინოს პოლიტიკის ხედვა, თუ როგორ აპირებს ის საერთაშორისო პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას რუსეთის მიერ აფხაზეთში ბუნებრივი რესურსების, სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების აპროპრიაციის განგრძობადი პოლიტიკის საპასუხოდ;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, დევნილებთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციით, შეიმუშაოს კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მიმართული ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც უპასუხებს აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ შიშებს და უკმაყოფილებებს და რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული ინტეგრაციის პროცესში მათ ახალ შესაძლებლობებს და  პერსპექტივებს შესთავაზებს;
  • დეოკუპაციის, ასევე რუსეთთან ურთიერთობების თემაზე შექმნას ინკლუზიური სამუშაო და პოლიტიკური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების, მათ შორის, დევნილების მონაწილეობით, პოლიტიკის ახალი ხედვებისა და მიდგომების განვითარებას, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ანგარიშვალდებულების გაზრდას და შეთანხმებების მიღწევას შეუწყობდა ხელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button