ახალი ამბები

აფხაზებს ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის გამო „ტერიტორიის დაკარგვა“ აშფოთებთ

ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციის (ე.წ. სახელმწიფო აგარაკების) რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გუშინ რატიფიცირებული შეთანხმების ოპონენტებმა საპროტესტო აქცია განაგრძეს და პარალელურად განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ გადაცემაზე თანხმობას „[აფხაზეთის] ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქციის დაკარგვა მოყვა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონის „დეპუტატებს რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემული ტერიტორიის შეთანხმებული კოორდინატები საზოგადოებისთვის ჯერ არ გაუმხელიათ“. განცხადების თანახმად, „ადრე დადგენილი კოორდინატების მიხედვით, ეს ტერიტორია შეადგენს 343 ჰექტარს, საიდანაც 180 ჰექტარი ზღვის ზედაპირია, 155 ჰექტარი – ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, ხოლო 8 ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი უბნები. ამრიგად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, რის შედეგადაც აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა [რეგიონის] წყლის საზღვრების ნაწილზე, უნიკალურ რელიქტურ ნაკრძალზე, რაც აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ბუნებრივი ტერიტორიაა, ასევე ერთადერთ საზღვაო ყურეზე გემებისთვის შესაფერისი სიღრმით და შესანიშნავი სანავიგაციო პირობებით“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დეპუტატებმა“ „სრული სამართლებრივი განუკითხაობა“ აჩვენეს იმით, რომ ისე მოიწვიეს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომა, რომ მომიტინგეებს არც კი აუხსნეს გადაცემის აუცილებლობა, უგულებელყვეს საზოგადოების აზრი, ექსპერტების დასკვნები და რეკომენდაციები და „არაკონსტიტუციური და ანტი-სახალხო შეთანხმების მხარდაჭერა არჩიეს. შედეგად, ჩვენ გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა, არა ომის, არამედ მშვიდობის დროს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „დეპუტატებმა უხეში დარღვევები ჩაიდინეს, მათ შორის: „სხდომის განმეორებით გადადება; პარლამენტის სხდომების რეჟიმის დაუსაბუთებელი და გამოუცხადებელი მიზეზით დარღვევა; სხდომების ღიაობის პრინციპის დარღვევა; დახურული სხდომის გამართვის გადაწყვეტილების არარსებობა“.

წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ დე ფაქტო პარლამენტში აკრედიტებული მედიის არყოფნის გამო რატიფიკაციის საეჭვო პროცედურები კანონის შემდგომ დარღვევაზე მიუთითებს. შეთანხმების რატიფიცირებას დამატებითი რეგულაციების მიღებაც ახლდა თან. ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია ადგენს, რომ რატიფიცირებულ ხელშეკრულებებსა და აფხაზეთის დე ფაქტო კანონებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება. ის ასევე იძლევა ხელშეკრულებების შეწყვეტის საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოკუპირებული რეგიონის „სუვერენიტეტს“ უთხრის ძირს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან  საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა, არც აღსრულების მექანიზმები და არც პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზებია განსაზღვრული.

შეთანხმების ოპონენტები იმ ფაქტზე მიუთითებენ, რომ ე.წ. პარლამენტმა არ მოითხოვა შეთანხმების ძალაში შესვლამდე მისი კონსტიტუციურობის შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 3 აგვისტოს დააბრუნა მოთხოვნა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების შესახებ და მისი ხელახლა წარდგენის შესაძლებლობა შესთავაზა, “პარლამენტმა” ეს შანსი არ გამოიყენა. „ამგვარად, შეიქმნა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების პრეცედენტი, რომელიც არ შეესაბამება აფხაზეთის [დე-ფაქტო] კონსტიტუციას. შესაბამისი ორგანოებისა და განმცხადებლების დადგენის გარეშე, ეს ცვლილებები ცარიელ დეკლარაციად მიგვაჩნია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ 26-27 დეკემბრის ღამე იყო აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობის ღამე, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 273.1 მუხლის შესაბამისად (აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევა)“.

განცხადება მთავრდება „აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის რეალური მექანიზმის“ მოთხოვნით მის „კონსტიტუციაში“ და „კანონმდებლობაში“ ცვლილებების ინიცირების გზით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button