skip to content
ახალი ამბები

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას თბილისში გამოხმაურებები მოყვა

27 დეკემბერს, დილის 6 საათზე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, უფრო ადრე, ვიდრე მანამდე გამოცხადებულ თარიღსა და დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  ოპონენტები გადაწყვეტილებას 26 დეკემბრიდან აპროტესტებენ.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოხმაურებებს მოცემულ თემაზე.

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მკაცრად“ დაგმო „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგი მიტაცება და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია“. პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდა.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის  ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ.  შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს „მორიგ უკანონო ქმედებას და  რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საპარლამენტო უმრავლესობა

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ამ უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ და ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ. ეს მას შემდეგ გამოსწორდება, როცა საქართველო აფხაზეთზე თავის იურისდიქციას აღადგენს“.

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „შემაშფოთებელი“ უწოდა, რაც, მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.

ოპოზიცია

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს “გადაწყვეტილებებს” იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს“.

თეონა აქუბარდია, პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმების ჯგუფი“, დეპუტატი: „დღეს, დილით 6 საათზე, გაფორმდა ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია და ეს იყო ხარკი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა აფხაზური საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა ეს არ იქნება ფაქტობრივი ანექსიის ბოლო შემდგარი ფაქტი… ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ როგორი არა ადექვატურია საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის  პოზიციები და დამოკიდებულება მთლიანად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ეროვნულ ინტერესზე“.  

საბა ბუაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ის რაც ბიჭვინთასთან დაკავშირებით მოხდა უდიდესი ტრაგედიაა, როცა ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორია პირდაპირ გადაეცა რუსეთს და ეს კიდევ ერთხელ იმის აღიარებაა, რომ რუსეთისთვის არანაირი სხვა ინტერესი არ არსებობს. ისინი მათ საკუთარ მარიონეტულ რეჟიმსაც არ უწევენ ანგარიშს… ისტორია ისე განვითარდა, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან ფაქტობრივად ერთი განცხადებაც კი არ გვახსოვს ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით, თუნდაც ფორმალური პროტესტიც არ გვახსოვს“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button