skip to content
ახალი ამბები

სოხუმი რუსეთისთვის ბიჭვინთის გადასაცემად ორ პირობას აყენებს 

ოკუპირებული აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოს“ სხვა „დეპუტატებთან“ ერთად 10 ნოემბრის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, აფხაზეთის ყოფილმა „პრემიერმინისტრმა“, ლეონიდ ლაკერბაიამ 14 ნოემბერს „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურორტ ბიჭვინთის 186 ჰექტრის რუსეთისთვის გადასაცემად მათ რუს დეპუტატებს ორი პირობა წაუყენეს.

ლაკერბაიას თქმით, „უპირველეს ყოვლისა, კოორდინატები შეცდომითაა მითითებული, რაც გადასაცემ ტერიტორიას კიდევ უფრო ადიდებს… და მეორე, უნდა შევიდეს პუნქტი მესამე პირთათვის გადაცემის აკრძალვის თაობაზე“.

აფხაზმა „დეპუტატმა“ ხაზი გაუსვა, რომ „რუსულმა მხარემ აღიარა შეცდომა ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორეში – ჩვენი წუხილის საფუძვლიანობა“.

მისივე თქმით, გადაცემის შესახებ შეთანხმების შემდგომი განხილვის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრთა ვიზიტი დაიგეგმა.


რუსეთისთვის ბიჭვინთის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაწყდა, თუმცა ამ დრომდე, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. შეთანხმების დასასრულებლად რუსეთმა ძალისხმევა ცოტა ხნის წინ გააძლიერა და შეთანხმების შესაბამისი ახალი ტექსტი 2022 წლის 19 იანვარს გახდა საჯარო, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საკითხი აფხაზეთში თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია და მის გარშემო მოქალაქეთა და ხელმძღვანელ პირთა პოზიციები ორად არის გაყოფილი.

კურორტ ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წუხილები საქართველოშიც გამოითქვა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკითხის მოუგვარებლობის გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button