skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის საკითხსა და რუსეთთან საზღვრის შესახებ იმსჯელა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია 17 აგვისტოს საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, მათ შორის იყო კურორტ ბიჭვინთის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემა.

კურორტ ბიჭვინთის საკითხი

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის’ ცნობით, კურორტ ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის რამდენიმე ათწლეულით გადაცემის საკითხზე საუბრისას, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ასლან ბჟანიამ განაცხადა – „საკითხი დღის წესრიგში 12 წელზე მეტია დგას… შეთანხმება უკვე გამოქვეყნდა, თქვენ ის ნახეთ, უკვე ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული არ არის“.

„როდესაც ამბობენ, რომ ყველაფერი კულისებში გადაწყდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ხაზი გაუსვა ბჟანიამ და დასძინა, რომ შეთანხმების პროექტი „პარლამენტს“ ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში გადაუგზავნეს.

მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების შესასწავლად და მასში ცვლილებების შესატანად „დეპუტატებს“ საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა „ეს არ გაკეთებულა“.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ საკითხი „საკონსტიტუციო სასამართლოში“ გაასაჩივრეს. თუმცა, „სასამართლომ“ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სამართლებრივად დასაბუთებული არ იყო.

ბჟანიამ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებულ წუხილებზეც გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა რწმენა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ მის რატიფიცირებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობები გააუარესოს.

ამ კონტექსტში აფხაზეთის ლიდერმა ოკუპირებული რეგიონისთვის რუსეთის „სისტემატური დახმარება“ და  „რესპუბლიკაში არსებული მრავალი პრობლემის გადაჭრაში, რუსეთის როლი აღნიშნა, განსაკუთრებით, „სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიმართულებით.

ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და განათლების საკითხებზე საუბრისას, ბჟანიამ განმარტა, რომ ამ საკითხების მოგვარებას აფხაზეთი დამოუკიდებლად ჯერ ვერ შეძლებს. „გარე ფაქტორის გარეშე ეს არ ხდება. ეს არის ეკონომიკური განვითარების კანონები“.

აფხაზეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გარეშემო არსებული ვითარება არც თუ სახარბიელოა და საბჭოთა კავშირის კოლაფსიდან დღეს ის ყველაზე დიდი გლობალური პრობლემების წინაშე დგას. „მიუხედავად ამისა, ჩვენთვის [რუსეთის] დახმარება არ შემცირებულა და დღემდე მიმდინარეობს“.

ბჟანიამ ბიჭვინთის შესახებ გადაწვეტილების იმ დრომდე მიღებისკენ მოუწოდა, სანამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია აფხაზეთისთვის დახმარების გაწევა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ თუკი აფხაზეთის მოსახლეობა, რომელსაც იგი ემსახურება, ამის „კატეგორიული წინააღმდეგი“ იქნება, მათ ნებას დამორჩილდება.

საზოგადოებრივი პალატის წევრის, ავთანდილ ღარწკიას კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, ისე მოხდეს, რომ ბიჭვინთა მესამე პირს გადაეცეს, ბჟანიამ უპასუხა, რომ ეს ხელშეკრულებით აკრძალულია.

ფსოუს გამშვები პუნქტი

შეხვედრაზე რუსეთთან დამაკავშირებელ ფსოუს გამშვებ პუნქტზეც იმსჯელეს, რა დროსაც, საზოგადოებრივი პალატის კიდევ ერთმა წევრმა, თემურ ფიფიამ საქონლის გადაკვეთასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების საკითხი დააყენა.

„აუცილებელია, რომ საქონლის გადაკვეთა ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ აფხაზური და რუსული ბიზნესისთვის. ვიცი, რომ ყაზახური ბიზნესი ასევე დაინტერესებულია ჩვენი ტერიტორიით, ლოჯისტიკით, ინფრასტრუქტურით და სატრანზიტო შესაძლებლობებით“, – წერს „აფსნიპრესი“ ფიფიას სიტყვებზე დაყრდნობით.

საპასუხოდ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკითხი, წარსულში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას წამოიჭრა, თუმცა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მისი გადაწყვეტა გაჭიანურდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წელი ამ პრობლემის გადაჭრას მოხმარდება“. „ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისარგებლოს თავისი სატრანზიტო შესაძლებლობებით“, – დასძინა ბჟანიამ.

მან სოჭსა და ფოთის პორტს შორის ბორნებით მიმოსვლის აღდგენის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ზოგი მიიჩნევს, რომ „მტერთან“ ვაჭრობა არ უნდა გქონდეს. „მე ასე არ ვფიქრობ. მე არ მაინტერესებს რა ხდება მტრის ტერიტორიაზე, მე მაინტერესებს როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი და როგორ [დავეხმაროთ მათ] ფულის შოვნაში, უფრო მდიდრულად ცხოვრებაში [და] როგორ გამოიყენონ პოტენციალი, რომელიც გვაქვს“.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ რკინიგზისა და აეროპორტის პოტენციალიც უნდა განვითარდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button