skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონმა გეოგრაფიული დასახელებების შესახებ „რეგულაცია“ შეცვალა

ოკუპირებილი ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის „პარლამენტმა“ გეოგრაფიული დასახელებების შესახებ ე.წ. კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, გარკვეული ადგილებისთვის სახელის გადარქმევისას ადგილობრივი მოსახლეობის აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული.

2008 წლის ომისა და 2010 წლის დეკემბერში ზემოაღნიშნული „კანონის“ პირველი ვერსიის მიღების შემდეგ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაააქტიურა გეოგრაფიული ადგილმდებარეობების ქართული სახელწოდებების გადარქმევა გაააქტიურა. „ეროვნული პოლიტიკის, რელიგიისა და მედიის კომიტეტის“ დე-ფაქტო ხელმძღვანელმა, ალან თადტაევმა განაცხადა, რომ ამ ე.წ. კანონში ცვლილებები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შევიდა.

„პარლამენტის“ სხდომაზე თადტაევმა განაცხადა, რომ გადარქმეული სოფლების მცხოვრებლები „უკმაყოფილონი დარჩნენ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების გადარქმევის კომისიის მუშაობით და მათი სოფლებისთვის მინიჭებული გეოგრაფიული სახელწოდებებით“.

მან სოფლების სატიკარისა და წინაგარის მაგალითი მოიყვანა, რომელთა მცხოვრებლებმაც ხელმოწერები შეაგროვეს და დე-ფაქტო იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნეს თხოვნით, რომ ძველი სახელები შეენარჩუნებინათ. ამ ორი სოფლის სახელები ქართული წარმოშობისაა (შესაბამისად, „სათიხარი“ და „წინაგარი“). 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მათ სახელები გადაერქვათ და პირველს „დიხუისტა“, მეორეს კი „ამძარინი“ ეწოდათ.

ახალი ე.წ. კანონის თანახმად, გეოგრაფიული მდებარეობების დასახელების ან სახელის გადარქმევის შესახებ წინადადებები წარედგინება ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებას (სახელების გადარქმევის ინიციატორები შეიძლება იყვნენ ე.წ. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, იურიდიული პირები, რეგიონის „მოქალაქეები“). ამავე „კანონის“ თანახმად, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის და მის აზრს განიხილავს აღნიშნულ წინადადებებთან დაკავშირებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტოპონიმური ცვლილება ახალგორის რაიონს ეხება, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული. ამჟამადაც, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას კვლავ ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. 1930-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა მმართველობის დროს, ბოლშევიკებმა საბჭოთა ლიდერის ვლადიმერ ლენინის საპატივსაცემოდ დასახლებას „ლენინგორი“ დაარქვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელწოდება ახალგორი აღდგა. თუმცა, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსულმა არმიამ ახალგორის მთელი რაიონი დაიპყრო, მას კვლავ „ლენინგორი“ ეწოდა.

2010 წლიდან ცხინვალის რეგიონმა სოფლებს ზონკარი და ერედვიც შეუცვალა სახელები და მათ „წადიხაუ“ და „ირიხაუ“ ეწოდათ. 2020 წელს, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის დღეებში ქალაქ ცხინვალს მეორე სახელი „სტალინირიც“ ექნებოდა. ამასთან, „სტალინირს“ ცხინვალის პარალელურად, 9 მაისსა (გამარჯვების დღე) და 22 ივნისს (ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირში ინტერვენციის დაწყება) გამოიყენებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button