Placeholder canvas
ახალი ამბები

II მსოფლიო ომის ხსოვნის დღეებში ცხინვალს „სტალინირადაც“ მოიხსენებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის დღეებში ქალაქ ცხინვალს მეორე სახელი „სტალინირიც“ ექნება. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალს სტალინირი 1934-დან 1961 წლამდე ერქვა.

„რეს“-ის მიერ 27 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით „სტალინირს“ ცხინვალის პარალელურად, 9 მაისსა (გამარჯვების დღე) და 22 ივნისს (ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირში ინტერვენციის დაწყება) გამოიყენებენ.

ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლების“ განცხადებით, ქალაქის „ისტორიული სახელის“ პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დაიწყება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლების“ ამ გადაწყვეტილებას „აბსურდული“ და „ტრაგიკული“ ქმედება უწოდა, რაც, მისივე თქმით, პროსაბჭოთა განწყობებს აღვივებს.

„ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანების გამო, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან არიან აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button