skip to content
ანალიზი

ევროკომისია საქართველოს კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს

არის კი ამისთვის მზად საქართველოს მთავრობა?

როცა ევროკომისიამ  2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად კი ერთ-ერთ დათქმად ისიც დაადგინა, რომ ქვეყანა უნდა შეებრძოლოს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას და შეეწინააღმდეგოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას.


მასალა მოამზადა ნანა ჭანტურიამ, PMCG-ს პროექტის, „თანამედროვე დეზინფორმაციის გამოწვევები უცხოური სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში“ ფარგლებში


ამ დათქმის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაცვლად, უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობა იმეორებდა კრემლის ნარატივების ნაწილს და ევროპაში რუსეთის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ მოკავშირესთან, ვიქტორ ორბანთან აშენებს ალიანსს.

პროპაგანდა კრემლის ხელში იარაღია, რომელის სამიზნეც ადამიანის გონება და ემოციებია. ის დევნის იმ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის პროპაგანდისტულ მანიპულაციებს და რუსული ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებას ცდილობენ.

საქართველოს მთავრობის უმოქმედობა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში

რუსული დეზინფორმაცია საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა და  ღრმადაა ფესვგადგმული ისტორიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. დეზინფორმაციული კამპანიები  ქართული საზოგადოების პოლარიზაციას და პოლიტიკურ სპექტრში უნდობლობის გაღვივებას იწვევს, რაც ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთისთვის მტკივნეული საკითხია. შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანიები მიზნად ისახავს ამ მისწრაფებების ეროვნული ინტერესების საზიანოდ წარმოჩენას.

ISFED-ის 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარის ყურადღებას აქცევს რუსულ პროპაგანდას. მაგალითად, სამთავრობო სტრატკომების სოციალური მედიის გვერდებზე  პოსტების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ეთმობა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს. მათი უმეტესობა კი მმართველი პარტიისადმი კრიტიკული მედიის სიუჟეტების და მედია პროდუქტების კრიტიკას ეძღვნება.

საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია რუსული პროპაგანდისადმი იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალები და ტრადიციული ნარატივი, ნოყიერ წინაპირობებს ქმნის კრემლის ნარატივის გავრცელებისადმი. საქმეს ართულებს ისიც, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ხშირად სწორედ ამ ულტრაკონსერვატიული ჯგუფების პოლიტიკურ ნარატივს იზიარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთაც.

ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე

კრემლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის იდეოლოგიური და ნარატიული წანამძღვრები თანხვედრაშია ულტრა მემარჯვენე, კრემლის მომხრე და ნაციონალისტი, ასევე რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფების იდეოლოგიასთან. ეს რუსეთს ეხმარება ჩამოაყალიბოს და გააძლიეროს ადგილზე არსებული დისკურსი, რომელიც დასავლეთს საქართველოს კულტურული ფასეულობებისა და ისტორიული ცნობიერების წინააღმდეგობრივი „ლიბერალური“ იდეოლოგიის მატარებლად წარმოაჩენს. საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ხშირად სწორედ  „ქართული იდენტობის დაკარგვის“ საფრთხეებზე აპელირებენ და  „საერთო ღირებულებების მატარებელ“ კონსერვატიულ რუსეთთან ალიანსს ამჯობინებენ, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება.

რუსული დეზინფორმაციის მანქანა საქართველოში ტრადიციულ ღირებულებებს ყველაზე ხშირად და აშკარად იყენებს ქალებისა და ქვიარ  თემის მიმართ.  „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ საქართველოში ანტიქართული და ანტი- LGBTIQ+ მობილიზების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სოციალურ ქსელში ღირებულებების თემაზე ყველაზე მეტი გზავნილი ანტიდასავლური შინაარსისაა. ამ გზავნილებში კრემლისტური აქტორები დასავლეთის საპირწონედ, რომელიც მსოფლიოს „ლგბტიზაციისთვის” იბრძვის, მართლმადიდებელ რუსეთს სახავენ.  ოჯახთან დაკავშირებულ თემატიკაში აბორტის შესახებ გზავნილები დომინირებს, რა დროსაც ფეხმძიმობის ყველა ფორმით შეწყვეტა „ცოდვად“ და „მკვლელობად“  განიხილება. ბავშვებისთვის საფრთხედ ლიბერალები და ქვიარ ადამიანები, ასევე „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“  სახელდება.

საქართველოში კრემლის მომხრე ჯგუფების „ტრადიციულ სენტიმენტს“  ხშირად იყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამის უკანასკნელი მაგალითი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იყო, სადაც ყურადღება გამახვილდა “ქართული დნმ-ის შეცვლის” საფრთხეზე ლიბერალური განათლების პროგრამის გამო, რაც პრემიერმა წინა ადმინისტრაციას დააბრალა.

დუნაის ვალსი ორბანთან

ვინაიდან უშუალოდ რუსული ნარატივებისა და ავტორების ციტირება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ცუდ ტონად აღიქმება, მმართველი პარტია და მასთან დაახლოებული მედია საშუალებები სულ უფრო ხშირად იშველიებენ ევროპული ულტრაკონსერვატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მათთან, როგორც ერთგვარ “ალტერნატიულ ევროპასთან” ცდილობენ თავის გაიგივებას.

ამის ყველაზე აშკარა მაგალითი 4 მაისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებულ კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა იყო, სადაც მან ყურადღება ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახსა და ქრისტიანულ რელიგიაზე გაამახვილა. ეს გამოსვლა “ქართულ ოცნებას” მეინსტრიმული ევროპული პარტიული ოჯახის, ევროპული სოციალისტების ასოცირებულ წევრობად დაუჯდა.

ორბანი, განსაკუთრებით 2010 წლის უნგრეთის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სწორედ ტრადიციულ და “ოჯახურ ღირებულებებზე” ორიენტირებულ იდეოლოგიას აყალიბებს და თავს ე.წ. “არალიბერალური” ევროპის ლიდერად თვლის. მან ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტრადიციულ მედიისა და სოციალურ მედიის, განსაკუთრებით კი Facebook-ს, მეშვეობით. ეს მანქანა მიმართულია პოლიტიკაში ქალების, დემოკრატიის, ქალთა უფლებებისა და ლიბერალური ღირებულებების შელახვისკენ. ორბანი სულ უფრო პოზიციონირებს როგორც “ანტიგენდერული” მოძრაობის გლობალური ლიდერი, მტკიცე კავშირებს აშენებს ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან მთელ მსოფლიოში და იდეოლოგიურ საყრდენს აძლევს ვლადიმირს პუტინის რუსეთს ევროპაში.

პრემიერმა ღარიბაშვილმა 4 მაისის კონფერენციაზე ორბანი დაახასიათა პიროვნებად, რომელიც „იცავს საკუთარი მამაცი ერისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია“. ამგვარი ალიანსი პოლიტიკურ ფიგურასთან, რომელიც ცნობილია დამყოფი  იდეოლოგიების პროპაგანდითა და რუსეთის ინტერესების ერთგულებით ფრიად შემაშფოთებელია საქართველოს ევროპული პარტნიორებისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ რუსეთისადმი ორაზროვანი  პოზიციის გამო და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ უმოქმედობისთვის ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციები.  2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისშივე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაა ეფექტური საშუალება. შემდეგშიც, თბილისი ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა რუსეთთან მიმართებაში. ამგვარი პოზიციისთვის საქართველოს მთავრობა რუსმა პოლიტიკოსებმა  და პროპაგანდისტებმა არაერთხელ შეაქეს. 

დასკვნა

რუსეთის მიერ გამოყენებული იდეოლოგიური ტაქტიკის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი კონტრზომების განხორციელება აუცილებელია საქართველოსთვის დემოკრატიული ინსტიტუტების, საზოგადოების ერთიანობას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების დასაცავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან რუსული პროპაგანდის მანქანა ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს  დემოკრატიული პროცესები და ემოციური გადაწყვეტილებებისათვის განაწყოს ამომრჩევლები და ამდენად შექმნას საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სივრცე, თუნდაც იმ მრავალი ბერკეტის გამოყენებით, რაც მას ოკუპირებულ საქართველოში გააჩნია.

მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესები და საგარეო ალიანსები რუსული დეზინფორმაციული ნაკადის წინააღმდეგ ბრძოლას ნაკლებსავარაუდოს ხდის. თუმცა ეს საჯარო სამსახურისათვის გაცხადებულ, პოლიტიკის დოკუმენტებში ნათლად ასახულ მოვალეობად რჩება. ჩანს, 2024 წელსაც რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა რიგებში მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან, თუმცა, ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button