Placeholder canvas
ანალიზი

ცუდ წრეში: CPAC-ის სტუმრების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე

რა ხდება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს ქალაქ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობს.

ვინ იკრიბება?

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია 1974 წელს დაარსდა და დღეისათვის კონსერვატორთა ყველაზე დიდი და გავლენიანი თავყრილობაა. უკანასკნელ ხანებში CPAC-ი აშშ-ში დონალდ ტრამპის მომხრე ფრთის გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო ევროპაში მისი მედროშე უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანია.

სად დგას ორბანი რუსეთ-უკრაინის ომში?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ომი საკუთარი პოლიტიკური თამაშის გასატარებლად გამოიყენა და “მიუმხრობლობის“ და “მშვიდობისათვის მებრძოლის” პოზიცია დაიკავა.

მისი ქმედებები ძირითადად გულისხმობს ევროკავშირის რეაგირების შეყოვნებას და უკრაინისთვის მხარდაჭერის შესუსტებას. ევროკავშირში უკრაინის დასახმარებლად კონსენსუსის აუცილებლობის გამო, ორბანმა წარმატებით მოახერხა ევროკავშირის შანტაჟი და მოახერხა უნგრეთში დემოკრატიის შეზღუდვის გამო ბლოკირებული თანხების ნაწილის მიღება. მშვიდობის შენარჩუნების ლოზუნგით ორბანმა არჩევნებში მოძლიერებულ ოპოზიციასაც სძლია და მეოთხე ვადით გაინაღდა მმართველობა.

მეტი დეტალებისთვის: როგორ იმარჯვებს ვიქტორ ორბანი

კონსერვატორები უკრაინის წინააღმდეგ:

ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონფერენცია კონცენტრირებული იქნება თემაზე „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა.“

ღონისძიებაში მონაწილე ბევრ მომხსენებელს ომის თაობაზე ღიად პრორუსული პოზიცია უჭირავს: ბევრი მათგანი აკნინებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მასშტაბს და მნიშვნელობას, სხვები კი ცალსახად ეწინააღმადეგებიან პრო-უკრაინულ ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის ომში.

კონსერვატიულ ამერიკელ ულტრამემარჯვენეებს უკრაინის წინააღდეგ რუსეთის აგრესიის შეფასების არაერთგვარაოვანი ისტორია აქვთ. 2022 წლის სექტემბერში CPAC-მა გაავრცელა (და შემდეგ წაშალა) ტვიტი, რომელიც ამერიკელ დემოკრატებს მოუწოდებდა „დაასრულონ უკრაინისთვის საჩუქრების მიცემა,“ ხოლო უკრაინულ ტერიტორიებს სადაც რუსეთმა რეფერენდუმი გააყალბა, “უკრაინის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად” მოიხსენიებდა.

CPAC-ის თავმჯდომარემ, მეთ შლაპმა – რომელმაც დღეს უნგრეთში კონფერენციას გახსნა – თავი მაშინ იმით გაიმართლა, რომ ამ ტვიტს გამოქვეყნების თანხმობის პროცედურა არ გაუვლია. თავად შლაპი, რომელიც კონსერვატიული ღირებულებების მედროშეა, ამასწინათ დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა სტრატეგიულმა მრჩეველმა მამაკაცმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი და ასეულ ათასობით დოლარიც მოითხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურლად.

კონფერენციაზე კიდევ ერთი გამოჩენილი მომხსენებელი ჰერბერტ კიკლი, 2021 წლიდან “ავსტრიის თავისუფლების პარტიის” რადიკალური მემარჯვენეების ლიდერია. მისი პარტიის ლიდერი ჰანს ქრისტიან შტრახე 2019 წელს ე.წ. “იბიცას სკანდალში” გაეხვა, როცა გავრცელდა რუსი ოლიგარქის წარმომადგენლისაგან საარჩევნო კამპანიისთვის ფულის აღების კადრები. კიკლი მაშინაც პარტიის იდეოლოგად ითვლებოდა, შტრახეს წასვლის შემდეგ კი თავად ჩაუდგა პარტიას სათავეში. კიკლი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დღევანდელ საგარეო პოლიტიკას, აკრიტიკებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, და ამტკიცებს, რომ სანქციების მიზანია ევროპა ვაშინგტონზე მეტად დამოკიდებული გახადოს. დასავლეთს კიკლი კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.

CPAC-ის კიდევ ერთი სპიკერი ჩეხეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრი ანდრეი ბაბიშია, რომელმაც ამასწინათ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამართული კამპანიისას თქვა, რომ თუ პოლონეთსა და ბალტიისპირეთს რუსეთი თავს დაესხმებოდა, ის ნატოს ჯარების გაგზავნის წინააღმდეგი იქნებოდა. წარუმატებელი საარჩევნო კამპანიისას ბაბიში საარჩევნო შიშისა და ომის გზავნილებს იყენებდა. ბაბიშს ოპოზიცია ოლიგარქობაში ადანაშაულებს, ევროკავშირი კი ოფიციალურად სდებდა ბრალს სოფლის მეურნეობის დასახმარებლად გამოყოფილი ევროპული თანხების მითვისებაში. მის წინააღმდეგ მილიონობით ჩეხი დადიოდა დემონსტრაციებზე.

კიდევ ერთი ამერიკელი მონაწილე, ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელი პოლ გოსარი, რომელიც  აშშ-ს  უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე აკრიტიკებდა. „უკრაინა არ არის ჩვენი მეგობარი და რუსეთი არ არის ჩვენი მტერი,“ წერდა ის და აშშ პრეზიდენტ ბაიდენის უკრაინაში მოგზაურობას უადგილოდ მიიჩნევდა. თავის ტვიტში გოსარმა უკრაინისადმი აშშ-ს მხარდაჭერას „ამორალური“ უწოდა და დაწერა რომ „უკრაინა (ნაცისტური პოლკების დაარსებასთან ერთად) ავტორიტარული რეჟიმად იქცა, რომელიც არ იმსახურებს მხარდაჭერას“. „მე მხარს ვუჭერ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და არა სიკვდილს და ნგრევას,“- წერდა გოსარი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“ რუსეთისადმი ორაზროვანი და შემრიგებლური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ შინ თუ გარეთ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისშივე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაა ეფექტური საშუალება. შემდეგშიც, თბილისი ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა რუსეთთან მიმართებაში.

ამგვარი პოზიციისთვის საქართველოს მთავრობა რუსმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა და პროპაგანდისტებმა არაერთხელ შეაქეს, აღნიშნეს რა, რომ თბილისი ახერხებდა “სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა” დასავლეთის “ზეწოლის” მიუხედავად.

CPAC-ში მონაწილეობა ლოგიკურად ებმის პრემიერისა და მისი მთავრობის უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მკვეთრად გამოხატულ ულტრაკონსერვატიულ და ავტორიტარულ მიდრეკილებებს.

შეკრებაში მონაწილეობა ევროპის სოციალისტების პარტიის/PES-ის შეშფოთების მიზეზი გახდა, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ამ კვირის დასაწყისში PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა თქვა: „თუ პრემიერ-მინისტრი PES-ის დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრი პარტიიდან, ვიქტორ ორბანის და ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციის ღირებულებებს იზიარებს, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა განვიხილოთ ამ პარტიის სტატუსი“. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ PES-ში წევრობის საკითხს მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

პრემიერ ღარიბაშვილის მონაწილეობა CPAC-ში გააკრიტიკეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ევროპარლამენტის წევრებმა.

პარტიის მარჯვნივ გადახრა იმ ფონზე ხდება, როცა გამოკითხვები საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირისა და ნატოსადმი სწრაფვის შეურყეველ ნებაზე მიუთითებენ. ამ ფონზე, IRI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, 45%-ის აზრით, “ქართული ოცნების” პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრვ პრორუსულია. გამოკითხულთა მხოლოდ 19% მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“, როგორც  პირველი არჩევანს. ეს პარტიისთვის ყველა დროის ყველაზე უარესი მაჩვენებელია. თუმცაღა “ომის დაუშვებლობის” გზავნილს თავისი მომხრეები ჰყავს – იმავე კვლევით, გამოკითხულთა 40 პროცენტი დადებითან ან მეტწილად დადებითად უყურებს მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button