skip to content
ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 ნოემბერს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის კონგრესისთვის 2018 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს.

დოკუმენტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი“, რომელიც „განაგრძობს ძლიერ ჩართულობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ „უამრავ ორმხრივ სამხედრო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება“.

აღნიშნულია რა, რომ 2018 წელს საქართველოში „ტერორისტული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით „საქართველომ 2018 წელს კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერება განაგრძო“, რამაც უცხოურ იურისდიქციებთან კავშირის მქონე საქმეებთან მიმართებით ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი უფლებამოსილება მიანიჭა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „2017 წელს თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ISIS-ის წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის რვა პირია დაკავებული და გასამართლებული“.

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების საკითხს კურირებს, „კარგად აღჭურვილი და მომზადებულია“.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ „მისი სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფის გზით 2018 წელს ნაბიჯები გადადგა“ და რომ „ისკონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეებზე აქტიურადაა ჩართული“.

კერძოდ, საქართველო „მჭიდროდ თანამშრომლობს“ ნატოსთან, ევროკავშირთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სუამთან.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს, საქართველომ და ევროპოლმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კომუნიკაციისთვის ევროპოლოს უსაფრთხო არხების გამოყენებას უზრუნველყოფს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გარდა არსებული შეთანხმებებისა 23 ქვეყანასთან და ევროკავშირთან, ქვეყანამ ასევე მოაწერა ხელი შეთანხმებებს „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი დაცვის შესახებ“ ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთა. მსგავსი შეთანხმებები გერმანიასა და ბელარუსთანაც არის გაფორმებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button