skip to content
ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 ივნისს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს.

დოკუმენტში ნახსენებია, რომ საქართველო „დიდი ხანია, რაც ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის წევრია“ და რომ ის „კვლავაც მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ „მრავალ ორმხრივ სამხედრო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის საიმედო პარტნიორად რჩება“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ქვეყანა „ზოგადად, მზად არის გამოავლინოს ტერორისტული საფრთხე, შეაფერხოს მისი განხორციელება და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე“.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „აღიარებს რა ტერორიზმის გამოწვევაზე მთავრობის ერთიანად რეაგირების საჭიროებას“, საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია მიიღო, თანმხლებ სამოქმედო გეგმასთან ერთად.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ „2019 წელს მისი სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების გაუმჯობესება განაგრძო“ და „კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეებზე აქტიურადაა ჩართული“, კერძოდ, „მჭიდროდ თანამშრომლობს“ ნატოსთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სუამთან.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ მიიღო კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, რომლის მიზანიც მონიტორინგის და აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნაა, რაც გააძლიერებს სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებას ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button