უფრო ნათელი ხვალინდელი დღისკენ: ინდოეთის მიერ G20-ის თავმჯდომარეობა და ახალი მულტილატერალიზმის გარიჟრაჟი
დღეს 365 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ინდოეთი დიდი ოცეულის (G20) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის განსჯის, ახალი ვალდებულებების აღებისა და „Vasudhaiva Kutumbakam („ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“) სულისკვეთების აღორძინების მომენტი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი
როდესაც შარშან ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ, გლობალური გარემო მრავალმხრივ გამოწვევებს შეეჯახა: Covid-19-ის პანდემიის შემდგომი აღდგენა, კლიმატის მოსალოდნელი საფრთხეები, ფინანსური არასტაბილურობა და ვალის პრობლემები განვითარებად ქვეყნებში, და ეს ყველაფერი მულტილატერალიზმის შემცირების ფონზე. კონფლიქტებისა და კონკურენციის პირობებში, დაზარალდა თანამშრომლობა განვითარების სფეროში, რამაც თავის მხრივ პროგრესს შეუშალა ხელი.
G20-ის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, ინდოეთი შეეცადა მსოფლიოსთვის სტატუს-კვოს ალტერნატივა შეეთავაზებინა, რაც მშპ-ზე ორიენტირებული პროგრესიდან ადამიანზე ორიენტირებულ პროგრესზე გადასვლას გულისხმობდა. ინდოეთს სურდა შეეხსენებინა მსოფლიოსთვის ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც გვყოფს. საბოლოოდ, გლობალურ საუბარს ევოლუცია უნდა განეცადა – მცირერიცხოვანთა ინტერესებს ადგილი უნდა დაეთმო მრავალრიცხოვანთა მისწრაფებებისთვის. ეს მულტილატერალიზმის ფუნდამენტურ რეფორმას მოითხოვდა.
ინკლუზიური, ამბიციური, მოქმედებაზე ორიენტირებული, მტკიცე – ეს ოთხი სიტყვა განსაზღვრავს ჩვენს, როგორც G20-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიდგომას, ხოლო ნიუ დელის ლიდერების დეკლარაცია (NDLD), რომელიც ერთხმად იქნა მიღებული G20-ის ყველა წევრის მიერ, ამ პრინციპების დაცვის მიმართ ჩვენი ერთგულების დასტურია.
ინკლუზიურობა ჩვენი თავმჯდომარეობის ამოსავალი წერტილია. აფრიკის კავშირის (AU) G20-ის მუდმივ წევრად მიღებამ საერთაშორისო ფორუმში 55 აფრიკული ქვეყნის ინტეგრირებას შეუწყო ხელი, რის შედეგადაც ის მსოფლიო მოსახლეობის 80%-მდე გაფართოვდა. ამ პროაქტიულმა პოზიციამ გლობალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე უფრო ყოვლისმომცველი დიალოგის წარმოებას შეუწყო ხელი.
პირველი ასეთი ტიპის სამიტი „გლობალური სამხრეთის ხმა“, რომელიც ინდოეთმა ორჯერ მოიწვია, მულტილატერალიზმის ახალი გარიჟრაჟის მაუწყებელი გახდა. ინდოეთმა გლობალური სამხრეთის პრობლემები საერთაშორისო დისკურსში გადაიტანა და ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი, სადაც განვითარებადი ქვეყნები გლობალური ნარატივის ჩამოყალიბებაში ღირსეულ ადგილს იკავებენ.
G20-ის მიმართ ინკლუზიურობა ინდოეთის საშინაო მიდგომაშიც აისახა, რამაც ის სახალხო თავმჯდომარედ აქცია ისე, როგორც ეს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. „Jan Bhagidari”-ის (ხალხის მონაწილეობა) ღონისძიებების საშუალებით, G20-მა 1.4 მილიარდი მოქალაქე მოიცვა და პარტნიორებად ყველა შტატი და კავშირის ტერიტორია (UTs) მოიზიდა. რაც შეეხება მნიშვნელოვან ელემენტებს, ინდოეთმა უზრუნველყო, რომ საერთაშორისო ყურადღება მიმართულიყო განვითარების უფრო ფართო მიზნებზე, როგორც ამას G20-ის მანდატი ითვალისწინებს.
2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების კრიტიკულ შუალედურ მომენტში, ინდოეთმა G20 2023 სამოქმედო გეგმა წარადგინა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) პროგრესის დასაჩქარებლად, რა დროსაც ურთიერთდაკავშირებული საკითხების, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, გენდერული თანასწორობისა და გარემოს მდგრადი განვითარების მიმართ კონკრეტულ ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომა გამოიყენა.
ამ პროგრესის მთავარი მამოძრავებელი სფეროა ძლიერი ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა (Digital Public Infrustructure/DPI). ამ საკითხში ინდოეთმა მტკიცედ დააფიქსირა საკუთარი რეკომენდაციები, ვინაიდან ის, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დარწმუნდა ისეთი ციფრული ინოვაციების რევოლუციურ ზემოქმედებაში, როგორიცაა Aadhaar, UPI და Digilocker. G20-ის მეშვეობით, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის საცავი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალურ ტექნოლოგიურ თანამშრომლობაში. ეს საცავი, რომელიც შეიცავს 50-ზე მეტ DPI-ს 16 ქვეყნიდან, დაეხმარება გლობალურ სამხრეთის ქვეყნებს, რომ შექმნან, დანერგონ და გააფართოვონ DPI, ინკლუზიური ზრდის პოტენციალის ასათვისებლად.
‘ერთი დედამიწის’ ამოცანის განსახორციელებლად, ჩვენ შემოვიღეთ ამბიციური და ინკლუზიური მიზნები, რათა შეგვექმნა გადაუდებელი, ხანგრძლივი და სამართლიანი ცვლილებები. დეკლარაცია „მწვანე განვითარების პაქტი“ ეხმიანება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა არჩევანის გაკეთება შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლასა და პლანეტის დაცვას შორის. ის გვთავაზობს ყოვლისმომცველ საგზაო რუკას, სადაც დასაქმება და ეკოსისტემები ურთიერთავსებადია, მოხმარება კლიმატის, ხოლო წარმოება პლანეტის მოთხოვნებს პასუხობს. ამასთანავე, G20-ის დეკლარაცია 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური სიმძლავრის ამბიციური გასამმაგებისკენ მოუწოდებს. გლობალური ბიოსაწვავის ალიანსის დაარსებასა და მწვანე წყალბადის პერსპექტივის განვითარებასთან ერთად, სუფთა, მწვანე სამყაროს შექმნის თაობაზე G20-ის ამბიციები უდაოა. ინდოეთი ყოველთვის იცავდა ამ სულისკვეთებას, ხოლო პროგრამის „ცხოვრების სტილი მდგრადი განვითარებისთვის“ (Lifestyles for Sustainable Development (LiFE)) მეშვეობით, მსოფლიოს შეუძლია მდგრადი განვითარების ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციებით ისარგებლოს.
გარდა ამისა, დეკლარაცია ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას კლიმატური სამართლიანობისა და თანასწორობის მიმართ და გლობალური ჩრდილოეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. პირველად იქნა აღიარებული, რომ კვანტური ნახტომია საჭირო განვითარების დაფინანსების მოცულობაში – მილიარდებიდან ტრილიონ დოლარამდე. G20-მა აღიარა, რომ განვითარებად ქვეყნებს 5.9 ტრილიონი აშშ დოლარი ესაჭიროებათ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (Nationally Determined Contributions/NDCs) შესასრულებლად.
უზარმაზარი რესურსების საჭიროების გათვალისწინებით, G20-მა ხაზი გაუსვა უკეთესი, უფრო დიდი და ეფექტური მრავალმხრივი განვითარების ბანკების მნიშვნელობას. პარალელურად, ინდოეთი წამყვან როლს თამაშობს გაეროს რეფორმებში, განსაკუთრებით მისი ძირითადი ორგანოების რესტრუქტურიზაციაში, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭო, რაც უფრო სამართლიან გლობალურ წესრიგს უზრუნველყოფს.
გენდერულმა თანასწორობამ დეკლარაციაში მთავარი ადგილი დაიკავა, რასაც მომავალ წელს ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება მოყვება. 2023 წლის კანონპროექტი, რომელიც ინდოეთის პარლამენტსა და შტატების საკანონმდებლო ასამბლეებში ადგილების ერთი მესამედის ქალებისთვის გამოყოფას ითვალისწინებს, ასახავს ჩვენს ერთგულებას ქალების ხელმძღვანელობით განვითარების მიმართ.
ნიუ დელის დეკლარაცია ამ ძირითად პრიორიტეტებზე თანამშრომლობის განახლებულ სულისკვეთებას ასახავს და პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე, სანდო ვაჭრობასა და კლიმატის მიმართ ამბიციურ ქმედებებზეა ფოკუსირებული. საამაყოა, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს G20-მა მიაღწია 87 შედეგს და 118 დოკუმენტი მიიღო, რაც წარსულთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.
ჩვენს მიერ G20-ის თავმჯდომარეობის დროს, ინდოეთი უძღვებოდა მსჯელობებს გეოპოლიტიკურ საკითხებზე, ასევე მათ გავლენაზე ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. ტერორიზმი და მშვიდობიანი მოსახლეობის უაზრო მკვლელობა მიუღებელია და ჩვენ ამას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ უნდა განვასახიეროთ ჰუმანიტარულობა და არა მტრობა, და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს არ არის ომის ეპოქა.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს ინდოეთმა არაჩვეულებრივ რამეს მიაღწია: მან გააცოცხლა მულტილატერალიზმი, გააძლიერა გლობალური სამხრეთის ხმა, მხარი დაუჭირა განვითარებას და იბრძოლა ქალების გაძლიერებისთვის, ყველგან.
G20-ის თავმჯდომარეობის ბრაზილიისთვის გადაცემასთან ერთად, ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი კოლექტიური ნაბიჯები ხალხის, პლანეტის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის წლების მანძილზე არ განელდება.
This post is also available in: Русский (რუსული)