skip to content
ახალი ამბები

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ხელისუფლებას ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობაზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით „ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია“. ინსტიტუცის თქმით, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:

  • რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
  • სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
  • რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
  • ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. „მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია“, – აცხადებს ინსტიტუტი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

  • საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო.

4 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. მისი თქმით, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსება მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ემსახურება მათი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს.

5 ოქტომბერს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ამ გადაწყვეტილების თაობაზე. „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას,“ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

9 ოქტომბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას და აცხადებს, რომ ეს შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის გამწვავებას უწყობს ხელს.

საპარლამენტო ოპოზიციამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის წინააღმდეგ პარლამენტისგან რეზოლუციის მიღება მოითხოვა. თუმცა, პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არც განიხილავს ასეთი არაადეკვატური და პროვოკაციული რეზოლუციის მიღებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button