ახალი ამბები

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით  „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის გახსნის გეგმას, და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო საქართველოს ტერიტორიების „მიმდინარე უკანონო ოკუპაცია“ და განაცხადა, რომ ეს ყოველდღიურად აჩვენებს „იმ მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მოკავშირეების უსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის“.  

ასამბლეამ ასევე დაგმო რუსეთის განზრახვა ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს შავი ზღვის რეგიონში დესტაბლიზაციას ამწვავებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარდაჭერა გამოხატა შავის ზღვის „დაუცველი“ პარტიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მათზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტების განხორციელების მიმართ, და კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „საქართველო გახდება ნატოს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ „სწრაფად განახორციელონ საქართველოსა და მოლდოვაზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტები, ამავდროულად გააგრძელონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა და ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს, რომ ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგას ნაბიჯები რეფორმების, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების გზით“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე ყოველწლიური სესია კოპენჰაგენში 7-9 ოქტომბერს გაიმართა და მას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ნატოელ მოკავშირეებს მკაფიოდ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაუდებელი აუცილებლობა, ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება და ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა“, – განაცხადა ბერაიამ. „საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრების ყველა კრიტერიუმს, დიდი ხანია იმსახურებს და მზად არის ნატო-ში გაწევრებისთვის”.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button