Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფლოტის ბაზირების პუნქტის გახსნის გეგმებს გამოხმაურებები მოყვა

4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის გეგმებზე ისაუბრა.

ქვემოთ მოცემულია გამოხმაურებები ამ თემაზე:

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: „რუსეთი აპირებს უკვე მესამე სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას. ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“.

ოპოზიცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია იყოს საკმარისი, თუ ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით საქართველოს მთავრობის რეაქციას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა…  საქართველოს  უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიული მომავლის მყარ და სტაბილურ გარანტიას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით შექმნის. ესაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაც და გარანტიაც“.

ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ლელო“: „ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში საომარი მოქმედების გადმოტანის მცდელობა, ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობა აფხაზეთში და შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში. მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთახეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უზარმაზარი საფრთის წინაშე. ანექსიის პროცესს იწყებს რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზის გახსნით ოჩამჩირეში. თქვენ [ხელისუფლება] რას პასუხობთ, შეგიძლიათ გვითხრათ?’

საერთაშორისო საზოგადოება

პიტერ სტანო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი: „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: „„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად შემაშფოთებელია. ამის თაობაზე გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა. ჩვენი თვალსაზრისით, ეს არის რუსეთის მიერ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების მკაფიო დარღვევა“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ესტონეთი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებს. ეს 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების უხეში დარღვევაა და შესაძლოა რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button