skip to content
ახალი ამბები

უკრაინის დაზვერვის სამსახური: რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან აფხაზეთში გადაყვანას გეგმავს  

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავისი სამხედრო გემები სევასტოპოლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიყვანონ.

მისი თქმით, ყირიმში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული რიგი დარტყმებისა და სპეცოპერაციების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო საფრთხე იგრძნეს და საკუთარი ხომალდების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, იქ არსებულ პატარა პორტს არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გამოიყენოს.

„ოჩამჩირეში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის გაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. ზოგან რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების განთავსება უზრუნველყონ“,– განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.

ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ გეგმებს შეეხო და განაცხადა: „ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შავი ზღვის ფლოტისთვის ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორის… რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ შეუძლია შავის ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირება და ეტაპობრივად ყირიმიდან უკან იხევს. ეს ისტორიული მიღწევაა“.

ყირიმის პლატფორმის პრესრელიზის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს გარემოება თავდაცვის ძალებს არ შეაფერხებს და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა უთუოდ დაამყარებს სრულ კონტროლს ყირიმზე და მის მიმდებარე წყლებზე.

შენიშვნა: მასალა განახლდა 15:10 საათზე და მასში პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button