skip to content
ახალი ამბები

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 16.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.5%-ით გაიზარდა და 15.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 18.2%-ით გაიზარდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1%-ია.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 1.88 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.47 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.26 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 1.08 მლრდ აშშ დოლარით.

იმავე პერიოდში, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 633 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი 602 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი 512 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 1.9 მლრდ აშშ დოლარი, აშშ – 1.4 მლრდ აშშ დოლარი და რუსეთი – 1.4 მლრდ აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.57 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები 194 მლნ აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 816 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 392 მლნ. აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button