skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანია „მეორე ფრონტის“ შესახებ „ქართული ოცნების“ რიტორიკას იმეორებს

„სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთის იძულებულია, რომ სპეციალური საომარი ოპერაცია აწარმოოს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის, მთელი ევროპა და აშშ. ამის ფონზე, იმავე ძალებს საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 21 მარტს, პარტია „ამცახარას“ რიგით მე-14 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაიმეორა რა „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გზავნილები, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზნებისთვის საქართველოში მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები იგეგმება. „დღეს იმაზე უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე 2008 წელს იყო“, – დასძინა ბჟანიამ.

ბჟანიამ სინანული გამოთქვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკასა“ და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბრის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაში“ ჩამოყალიბებული შესაძლებლობები აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შესაქმნელად არ იყო ადეკვატურად რეალიზებული.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ასლან ბჟანიამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საომარი მზაობისთვის ჩატარებულ „მასშტაბურ“ სამუშაოებზეც ისაუბრა. „ჩვენ არ გვჭირდება ომი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ერთად, მოძმე რუსეთთან მოკავშირეობითა და ერთიანობით“, – დასძინა ბჟანიამ.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button