ახალი ამბები

ღარიბაშვილი: იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სალომე ზურაბიშვილის „პროვოკაციის“ შედეგია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის გამიზნულად დარღვევით „პროვოკაცია“ მოაწყო და უბიძგა მთავრობას, რომ იმპიჩმენტის პროცედურები დაეწყო. პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე განხილვებს გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ის მხარს დაუჭერდა მთავრობას, მაგრამ „ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი“, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას „ზუსტად გაიმეორა ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს“.

„ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ამდენი გამოწვევების წინაშეა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია“.

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან არსებული ვითარება ევროპელ კოლეგებს აუხსნა. „რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა“.

„ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button