skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება კანონდარღვევაა

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე  ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქცირებულ პირთა სიის მიხედვით, ფარცხალაძეს ორმაგი (რუსული და ქართული) მოქალაქეობა აქვს. თუმცა, მის მოქალაქეობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ოფიციალურად არასდროს მოუთხოვია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, რომელზეც რუსეთის მოქალაქობის სანაცვლოდ თქვა უარი.   

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. ორგანიზაციების თქმით, კანონის შესაბამისად, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი, სააგენტო თავადვე განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ცნობები რამდენიმე თვის წინ მედიის მიერ უკვე გაშუქდა, შესაბამისად სააგენტოს კანონით დადგენილი პროცედურები აქამდე საკუთარი ინიციატივით უნდა დაეწყო და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტისთვის წარედგინა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ, როგორიცაა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შესვლა. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, თანამშრომლობდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან, ასევე შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამატებითი საფუძველი გახდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ფარცხალაძისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკზე მისი მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით. ისინი ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობენ, რომელმაც ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა, მოგვიანებით კი საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ  „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

„სებ-ის მხრიდან ბრძანებაში ცვლილების შეტანის დრო და გარემოებები აჩენს დასაბუთებულ საფუძველს, რომ ეს სწორედ ერთი პირის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს ემსახურება, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია კონსტიტუციურ წესრიგთან. ნებისმიერ კონტექსტში მის მიმართ საქართველოს მოქალაქისთვის განკუთვნილი იურიდიული გარანტიების კუთხით აპელირება მოკლებულია საფუძველს. ის ფაქტი, რომ ფორმალურად იგი ჯერ კიდევ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, კანონის დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button