ახალი ამბები

კობახიძე ფარცხალაძის მოქალაქეობის გარშემო არსებულ უთანხმოებას პასუხობს

აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სადავო ორმაგი (რუსული და ქართული) მოქალაქეობის საკითხის კომენტირებისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი დადგეს.

„როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციის სამინისტროს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა და მასზე სანქციების ის რეჟიმი ვერ გავრცელდება, რაც არამოქალაქეზე ვრცელდება.

ირაკლი კობახიძე დღესვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „[საქართველოს] მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა [პრეზიდენტთან] არ შემოსულა“.

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონში წერია, რომ უცხოეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი კანონის შესაბამისად.

 აშშ-მ 14 სექტემბერს სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს (და რუსეთის უსაფრთხოების ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს) საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში. ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ FSB-სთან კავშირით პირადი სარგებელი მიიღო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button