skip to content
ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები: სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს

თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ფარცხალაძის თანამშრომლობის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან შეიტყო.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფარცხალაძე საქართველოში, “ეფ-ეს-ბე”-ს ოფიცერთან ერთად, რუსული გავლენის დამკვიდრების მცდელობებისთვის დასანქცირდა.

ორგანიზაციები აღნიშნავენ: “რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ”. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ “მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება”. ორგანიზაციები ასევე შემაშფოთებლად მიიჩნევენ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ აღნიშნული ფაქტის გადაფარვის მცდელობებს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძეს საქმე არის მაგალითი იმისა, რომ “სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს”.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ სუს-ის უფროსმა “ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ასევე სუს-მა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად”.

“დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; საფარი; უფლებები საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; დემოკრატიის მცველები; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg); მედიის განვითარების ფონდი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button