ჰიუგ მინგარელი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ შემთხვევაში უნდა მიენიჭოს, თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს ლიდერებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებენ
„სამოქალაქო საქართველოს“ კითხვაზე, საქართველოს შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უპირატესობა ტექნიკურ მოსაზრებებზე, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში (როგორც მან თბილისის საერთაშორისო კონფერენციის საპანელო დისკუსიაზე განაცხადა), ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ჰიუგ მინგარელიმ აღნიშნა, რომ თუ ქართველები ხმას მისცემენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც სურთ პატივი სცენ ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ დაახლოებას და საბოლოო ინტეგრაციას ევროკავშირში“.
ჰიუგ მინგარელიმ მონაწილეობა მიიღო საპანელო დისკუსიაში სახელწოდებით „უკრაინა გამარჯვების შემდეგ“, რომელიც „თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის: პუტინიზმის დამარცხება“ ფარგლებში გაიმართა. კონფერენცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერაა ორგანიზებული, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და მაკკეინის ინსტიტუტის მხარდაჭერით, და ის თბილისში 4-5 სექტემბერს იმართება.
მინგარელიმ განაცხადა: „პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ თითოეული ამ ქვეყნის ხალხს უნდა ვკითხოთ: გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, როგორიც დასავლეთ ევროპაში გვაქვს, თუ ისეთში, როგორიც რუსეთშია? თუ ისინი იტყვიან, რომ რუსეთში სურთ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს და საშუალება მივცეთ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას ან ბელარუსს ევრაზიულ კავშირს შეუერთდნენ. თუკი – როგორც ეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში ბოლო ორი ათწლეულია ხდება – მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იტყვის, რომ მათი სურვილია ისეთ ღია საზოგადოებაში იცხოვრონ, როგორიც დასავლეთ ევროპაშია, ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ: თქვენ ძალიან მალე მიიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და იმ პირობით, თუ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს – და არსებობს ოთხი თუ ხუთი ძირითადი ღირებულება, რომელთაც ზოგიერთი მოქმედი წევრი სახელმწიფო არ სცემს პატივს – თქვენ ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოებისა და ეტაპობრივად ინტეგრაციის საშუალება გექნებათ.
ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა ასევე განაცხადა, რომ თუ ზემოთხსენებული პირობა შესრულდება, საქართველოს მიმართ იგივე მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული, როგორიც უკრაინის შემთხვევაში. მან განმარტა: „თუ საქართველოს მოქალაქეები – რაც არ მოხდა წინა არჩევნებზე – ხმას მისცემენ ადამიანებს, რომელთაც სურთ პატივი სცენ ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი სულ უფრო დაუახლოვდნენ და საბოლოოდ შეუერთდნენ ევროკავშირს“.
ჰიუგ მინგარელიმ ბლიც-ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „სამოქალაქო საქართველოს“ კითხვებს უპასუხა.
სამოქალაქო საქართველო: თქვენ განაცხადეთ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა გამოასწოროს მდგომარეობა მომავალ არჩევნებზე და ხმა მისცეს იმ ძალას, რომელიც პროევროპულია. შეგიძლიათ ამაზე დეტალურად ისაუბროთ?
ელჩი მინგარელი: ძირითადად უკვე ითქვა ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგზაო რუკა [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირმა 12 პირობა დააწესა. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 პირობა არ არის შესრულებული. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კარს ღიად დატოვებს და ეტყვის საქართველოს: თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ წინ წაიწევთ ამ 12 პირობის შესრულების მიზნით. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, რომელ ხელისუფლებასთან სურს წინსვლა, მომავალ წელს იქნება არჩევნები. მათი გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ჰყავდეთ ხელისუფლება, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს, თუ უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ერთი მხრივ, ევროკავშირსა და მეორე მხრივ, რუსეთს შორის ამყოფებს.
სამოქალაქო საქართველო: ანუ, შეიძლება დავასკვნათ, რომ თქვენი აზრით, ეს ხელისუფლება არ არის ის, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს ევროკავშირში შეყვანა?
ელჩი მინგარელი: თუ გადავხედავთ იმ ზომებს, რაც ამ ხელისუფლება გასულ წელს მიიღო, ვერ ჩავთვლით, რომ მათ ევროკავშირისკენ სვლა სურთ.
სამოქალაქო საქართველო: და როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ მოსაზრებებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტექნიკურზე?
ელჩი მინგარელი: ასე მგონია.
სამოქალაქო საქართველო: ანუ ასე ფიქრობთ, თუმცა არა ამ ხელისუფლებასთან?
ელჩი მინგარელი: მე ასე ვიტყოდი: მოდით, საქართველოსთვის კარი ღია დავტოვოთ, რადგან ქართველებმა 2003 წლიდან გამოხატეს სურვილი იცხოვრონ ღია საზოგადოებაში, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც დასავლეთ ევროპაში გვაქვს. მაგრამ ბოლო წლებში მათ ვერ მიაღწიეს დიდ პროგრესს სწორი მიმართულებით და ამიტომ, მოდით, კარი ღია დავტოვოთ და დაველოდოთ ხელისუფლებას, რომელსაც ნამდვილად ექნება ამ გზით სვლის სურვილი.
სამოქალაქო საქართველო: ეს არ არის ახალი ფენომენი, როდესაც ევროკავშირი ეუბნება საქართველოს: ჩვენ შევხედავთ თქვენს მომავალ არჩევნებს, ვნახავთ, როგორ ჩაატარებთ მას და შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას? ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის პოზიცია ასეთი უნდა იყოს?
ელჩი მინგარელი: მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს, რადგან… რა ვარიანტები არსებობს? პირველი ვარიანტი იქნება ვუთხრათ საქართველოს: თქვენ არ შეასრულეთ 12 პირობა, ამიტომ დაივიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კატასტროფა იქნებოდა. მეორე ვარიანტი იქნებოდა იმის თქმა, რომ თქვენ არ შეასრულეთ 12 პირობა, მაგრამ მაინც მოგცემთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამ გზით მოხდებოდა დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა… ვფიქრობ, უსამართლო იქნებოდა რაიმე სახის ჯილდოს მიცემა იმ ხელისუფლებისთვის, რომელმაც არ შეასრულა პირობა. მესამე ვარიანტია ცოტა მოვიცადოთ, გადავდოთ გადაწყვეტილების მიღება. მოდით მივცეთ ქართველებს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ წინ წავიდნენ.
სამოქალაქო საქართველო: შეიძლება გკითხოთ, მუსირებს თუ არა ამგვარი აზრი ევროკავშირში?
ელჩი მინგარელი: გულწრფელად გითხრათ, ვერ გეტყვით. მე მიმაჩნია, რომ ბევრ წევრ სახელმწიფოს პოლიტიკური და პოზიტიური მიდგომა ექნება ამ პრობლემის მიმართ, მაგრამ ვერ ვიტყვი წავა თუ არა წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ამ მიმართულებით.
სამოქალაქო საქართველო: მაგრამ თქვენ რომ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები, ფიქრობთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა?
ელჩი მინგარელი: იმედი მაქვს.
სამოქალაქო საქართველო: როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გარკვეული რისკი იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების გადადების შემთხვევაში, საქართველო პროცესებს მიღმა დარჩეს იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნები და ევროკომისიაში გადაადგილებები იგეგმება?
ელჩი მინგარელი: არ ვიცი, რა იქნება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მომავალი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, თუ ულტრამემარჯვენე პარტიები არ მოიპოვებენ უმრავლესობას. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)