skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 28 აგვისტო

ფათერაკიანი ჟენიას ფეთქებადი აღსასრული

სამხედრო ამბოხის ჩაფუშული მცდელობიდან ზუსტად ორ თვეში, ტვერის ოლქში, მოსკოვის სიახლოვეს,  კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრებს შორის ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც. თვითმფრინავის ფრიად უცნაური ვარდნის შეფასებისას, როგორც რუსი, ისე უცხოელი ექსპერტები მოჭარბებული დამაჯერებლობით ვარაუდობენ, რომ ბორტზე აფეთქება მოხდა ან/და თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტამ ჩამოაგდო. ფათერაკიანი ჟენიას სიკვდილი ჯერ ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, მოგვიანებით კი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა. რუსული საგამოძიებო ორგანოები “ავიაკატასტროფის” მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ და უფრო ამ ვერსიაზე მუშაობენ.


უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

ამასობაში, 24 აგვისტოს, უკრაინამ თავისი 32-ე დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. სწორედ ამ დღეს, უკრაინული სამხედრო დაზვერვის დანაყოფები კატერებით ყირიმის სანაპიროს მიადგნენ, ნაპირზეც გადასხდნენ და ღამის საფარქვეშ, ოკუპანტებს, როგორც ტექნიკაში, ისე ცოცხალ ძალაში დანაკარგები აგემეს. ამის გარდა, მამაცმა უკრაინელმა მედესანტეებმა ყირიმის სანაპიროზე სიმბოლურად უკრაინის დროშაც აღმართეს და დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტებს შეახსენეს, რომ ყირიმის დათმობას არავინ აპირებს. ამასთან, დამოუკიდებლობის დღისთვის, გამოქვეყნდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, ქვეყანამ ტერიტორიები არ უნდა დათმოს. ეს საზოგადოებრივი განწყობები კი, ვოლოდიმირ ზელენსკის საშუალებას აძლევს თამამად განაგრძოს წინააღმდეგობის გაწევა და უკრაინული მიწების გამოთავისუფლება.


აფეთქებული გაზსადენების უკრაინული კვალი

ბოლო პერიოდში, გერმანულ მედიაში შეინიშნება “ჩრდილოეთ ნაკადის” აფეთქებაში უკრაინული კვალის გამოკვეთის ტენდენცია. გერმანული გამოცემების “Der Spiegel” და “ZDF” გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული გამოძიება თვლის, რომ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის აფეთქება შესაძლოა იახტა “ანდრომედის” მგზავრებს მოეხდინათ, რომლებიც, როგორც აფეთქებამდე, ისე მას შემდეგ, უკრაინაში შეუნიშნავთ. მსგავსს ინფორმაციას ავრცელებს ასევე ამერიკული გამოცემა “The New York Times”, რომელიც ამერიკულ სადაზვერვო წყაროებზე მითითებით, ვარაუდობს, რომ ბალტიის ზღვის სიღრმეში გაზსადენის აფეთქება უკრაინასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ინფორმაციას უარყოფს. ოფიციალური ბერლინი კი, ჯერჯერობით დუმს.


დანიური კანონპროექტი

დანიის ხელისუფლებას გადაუწყვიტავს, ყურანის დაწვა დასჯადი გახადოს. დანიის იუსტიციის სამინისტრო მალე შეიმუშავებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, აიკრძალება განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობის ნივთებთან თუ ტექსტებთან არასათანადო მოპყრობა საზოგადოებრივ ადგილებში. აკრძალვა მხოლოდ ყურანს არ შეეხება და ბიბლიას, თორას თუ სხვა მოძღვრების ტექსტებსაც მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, დანიური კანონპროექტი, დამრღვევებისთვის ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც გაითვალისწინებს. ორიოდე თვის წინ, დანიასა და შვედეთში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების თავშეყრებზე არაერთხელ დაწვეს თუ სხვაგვარად შეურაცხყვეს ყურანი, რასაც მუსლიმურ ქვეყნებში დიდი მღელვარება მოჰყვა და დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ფრიად უარყოფითად იმოქმედა.


ლატვიის ახალი პრემიერი

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება სოციალური დაცვის მინისტრს, ქალბატონ ევიკა სილინას სთხოვა. კოალიციური უმრავლესობის ცენტრისტულმა პარტია “ახალმა ერთობამ” პრეზიდენტს პრემიერის პოსტზე წარსადგენად სწორედ მისი კანდიდატურა შესთავაზა. ლატვიის ცენტრისტების, რეგიონალისტების, მწვანეებისა და მემარჯვენე პოპულისტებისგან შემდგარ კოალიციას ლატვიის 100 მანდატიან პარლამენტში 53 ხმიანი მყიფე უმრავლესობა კი აქვს, თუმცა პრემიერისა და ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ეს სავსებით საკმარისი. ამიტომ, მაღალი ალბათობით, ევიკა სილინას პრემიერობას პრობლემები არ შეექმნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ორიოდე კვირის წინ, ლატვიის პრემიერმა, კრიშიანის კარინშმა მთავრობის მოუქნელობა მოიმიზეზა და თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.


ბელგიური კბილის ტკივილი

გასულ კვირას, ბელგიის გაკვირვებული ჯანდაცვის მინისტრი, ფრანკ ვანდენბრუკი რუმინეთის ხელისუფლებას შეეხმიანა და დანტისტებზე გაცემული რუმინული დიპლომების ავთენტურობით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, სააკრედიტაციო კომიტეტის წინაშე წარმდგარ რუმინული დიპლომების მფლობელებს დანტისტის საქმის უმარტივეს შეკითხვებზეც ვერ მოუხერხებიათ პასუხების გაცემა, რამაც ფლანდრიული ჯანდაცვის მესვეურები შეაშფოთა. არადა, ბელგიაში დამწყები დანტისტების ნახევარს უცხოური დიპლომები ჰქონიათ. უცხოური დიპლომების მფლობელთა დიდი ნაწილი კი, სწორედ რუმინეთში გაცემული დიპლომებით ცდილობს დასაქმებას. რუმინეთში კი, დანტისტის დიპლომებით თურმე სარფიანად ვაჭრობენ, დიპლომებს კი, ამ საქმის შესწავლის გარეშე, ძირითადად ტუნისელები ყიდულობენ, რომელთაც ბელგიური კბილების “მკურნალობაზე” გადაუწყვიტავთ ხელის მოთბობა.

მსგავსი/Related

Back to top button