ახალი ამბები

ომბუდსმენი მოუწოდებს NAEC-ს დაუნიშნოს დამატებითი გამოცდა აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდას ვერ დაესწრო

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის“ (NAEC) გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ აბიტურიენტს ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად დამატებითი გამოცდა არ დაუნიშნეს, აბიტურიენტის კონსტიტუციით გარანტირებული უმაღლესი განათლების მიღების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვად ჩაითვალა.

ომბუდსმენმა დღეს რეკომენდაციით მიმართა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრს“, რომლითაც აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

ზემოხსენებულ აბიტურიენტს 17 ივლისს უნდა ჩაებარებინა ისტორიის გამოცდა, თუმცა მას წინა დღეს ჩაუტარდა კბილის ოპერაციული ექსტრაქცია, რის გამოც გამოცდის დღეს დაუფიქსირდა მაღალი სიცხეები. დედამისმა NAEC-ს მეორე დღესვე მიმართა მოთხოვნით, რომ აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვათ. 21 ივლისს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის“ დირექტორმა დამატებითი გამოცდის თარიღად 25 ივლისი გამოაცხადა, თუმცა ამის შესახებ წერილი აბიტურიენტის მშობელს 24 ივლისს გაუგზავნეს, რაც მას 25 ივლისს გადაეცა. შესაბამისად, აბიტურიენტი ვერც დამატებით გამოცდას ვერ დაესწრო.

აბიტურიენტის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომლის მოსამართლემაც გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო და NAEC-ს დაავალა აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის დანიშვნა. თუმცა, 2 აგვისტოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან საგამოცდო პროცესი უკვე დასრულებული იყო და მათი თქმით, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია“.

იმავე დღეს, აბიტურიენტის მშობელმა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრთან“ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოიყენებს “თავის ბოლო, სიცოცხლის უფლებას” და პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ ამ “თაღლითობაზე” პასუხს არ მიიღებს. 3 აგვისტოს აბიტურიენტის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოცდების ცენტრს შსს-შიც უჩივლა და აღსრულების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მიმართა.

სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებაში წერია, რომ განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ „აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი  და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ“.

ამასთან, „სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს“.

საქართველოს ომბუდსმენი NAEC-ს მოუწოდებს, მომავალშიც გაითვალისწინოს მოცემული რეკომენდაცია და „უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ“.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ პასუხი

17 აგვისტოს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ გამოეხმაურა სახალხო დამცველის გუშინდელ რეკომენდაციას. NAEC აცხადებს, რომ დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. მათი თქმით, 18 ივლისს დამატებითი გამოცდის მოთხოვნა არაუფლებამოსილი პირის (მშობლის) განცხადებით მოხდა. მოცემული ხარვეზის შესასწორებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, წერილი აბიტურიენტს 21 ივლისს გაეგზავნა, რომელმაც 27 ივლისს სასამართლოს მიმართა და სასამართლოს განჩინება ცენტრს შემდეგ დღეს წარუდგინა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინების აღსრულება არ შეეძლო, ვინაიდან ისტორიის გამოცდის დამატებითი სესია 25 ივლისს იყო ჩატარებული და გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. „აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე,“ – წერია NAEC-ის განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ „2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“.

შენიშვნა: მასალა 17 აგვისტოს 12:35 საათზე განახლდა, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ განცხადების შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button