ახალი ამბები

რუსული გამოცემის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი სავარაუდოდ საქართველოში მოწამლეს

15 აგვისტოს, რუსული ინტერნეტ გამოცემის „The Insider“-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის თანახმად, რუსეთის საზღვრებს გარეთ პროფესიული საქმიანობის ნიადაგზე მოწამლულ იქნა რამოდენიმე რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, მათ შორის ირინა ბაბლოიანიც, რომელიც თბილისში მოწამლეს.

გამოცემა „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი, ირინა ბაბლოიანი ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში გადმოსახლდა და სასტუმრო „King Tamar“-ში დაბინავდა. 25 ოქტომბრის საღამოს, იგი შეუძლოთ გრძნობდა თავს და მეორე დილით გაიღვიძა ძლიერი სისუსტით და თავბრუსხვევით.

26 ოქტომბრის საღამოს მას გაუჩნდა ხელის გულისა და პლანტარული სინდრომი – ხელები იასამნისფერი გაუხდა და დაეწვა. მისი თქმით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს „ხელში ცეცხლი გეჭირა“, იგივე დაემართა ფეხებზეც. მიუხედავად ამ უცნაური სიმპტომებისა, 27 ოქტომბერს ირინა ღამით მანქანით გაემგზავრა ერევანში, სომხეთში. მანქანაში მდგომარეობა დაუმძიმდა, ტვინი დაბურულიყო და კონცენტრაცია აღარ შეეძლო. „წვები, მაგრამ დაღლილობის გრძნობა არ ქრება, თითქოს ვერ ისვენებ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სხეული აღარ მეკუთვნოდა, ბამბა გახდა, შფოთვა დამეწყო“.

ერევანში მისი სიმპტომები გაუარესდა, მას ჰქონდა კუჭის ტკივილი, გულისრევა და მეტალის გემო პირში – მოწამვლის სხვა მსხვერპლთა სიმპტომების მსაგვსად, როგორიცაა მაგალითად “მედუზას” კორესპონდენტი ელენა კოსტიუჩენკო, რომელიც სავარაუდოდ უკრაინაში მოწამლეს.

სიმპტომების გამოჩენისთანავე ირინამ ტოქსიკოლოგს არ მიმართა – ვერ იჯერებდა, რომ ვინმეს მისი მოწამვლა სურდა. როდესაც იგი რამდენიმე თვის შემდეგ ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, მან სისხლი ჩააბარა ტოქსიკოლოგიური ტესტისთვის. თუმცა, მოგვიანებით მას ლაბორატორიაში უთხრეს, რომ მისი სისხლის ნიმუშები „დაკარგული“ იყო და ამის ნაცვლად პოლიციამ მიაკითხა და ირინა საფუძვლიანად დაკითხა საქმის გარემოებების შესახებ. ირინას ამ ბოლო დროს კიდევ ერთი ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩაუტარდა, მაგრამ ეს იმდენად დაგვიანებული იყო, რომ ტოქსინების კვალის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

გამოცემის ცნობით, ელენა კოსტიუჩენკოს შემთხვევისგან განსხვავებით, ირინა ბაბლოიანის მოწამვლის დიაგნოსტიკა უფრო რთულია, რადგან დაგვიანებული სამედიცინო ანალიზების შედეგები ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, „The Insider“-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ირინას მიერ აღწერილი სიმპტომები დამაჯერებლად ვერ აიხსნება რაიმე არსებული დაავადებით, ამიტომ ეგზოგენური მოწამვლის ვერსია უფრო სავარაუდოა. ელენა კოსტიუჩენკოს მიერ აღწერილი სიმპტომების მსგავსება მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო იგივე ან მსგავსი შხამი, მაგრამ ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელი.

კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და კრიტიკული პირების მოწამვლის ტენდენციის და არაერთი დადასტურებული შემთხვევის გათვალისწინებით, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკო, ალექსეი ნავალნი, ვლადიმერ კარა-მურზა, სერგეი სკრიპალი და სხვა, მოწამლული ჟურნალისტების ისტორიებს სანდოობას მატებს.

„სამოქალაქო საქართველო“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე ავსახავთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button