ხელისუფლების მიერ სტიქიური უბედურებების მართვის შესახებ კითხვები ისმევა
2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭის რაიონში, შოვში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა -მეწყერმა 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით კი, 9 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება და ღვარცოფი გამოიწვია.
პრესს-ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა: „იყო ინფორმაცია წყლის დონის ზომის სადგურიდან მიღებული სადაც არ ფიქსირდებოდა არც სტიქიამდე არც სტიქიის პროცესში წყლის დონის კლება… [სატელიტურ სურათებზე] ჩანს რომ იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო ძალიან მყისიერი ასე ვთქვათ კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა, რომელიც დაეჯახა მყინვარულ მასას და გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა დაბლა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში… ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენების განვითარებასთან ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან… რამოდენიმე მოვლენათა ერთობლიობა დაემთხვა ერთმანეთს და საბოლოოდ მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბები რაც ერთობლივად ვნახეთ… ჩვენი სპეციალისტების თვალსაზრისით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“.
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება წარმართონ ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად, რათა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. მათი თქმით მნიშვნელოვანია, საგამოძიებო პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ პასუხი გაეცეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებულ ყველა კითხვას, მათ შორის:
- რა პრევენციული ხასიათის სამუშაოები ტარდებოდა ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით? „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაცია. ასევე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევალება რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხდებოდა თუ არა შოვში არსებული რისკების მუდმივი კონტროლი და რატომ ვერ მოახერხა შესაბამისმა უწყებებმა პრევენციული რეაგირება მაშინ, როცა მოქალაქეები აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდნენ.
- ფუნქციონირებდა თუ არა ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემა? საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციაა მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება. ამასთანავე, საქართველოს ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის მიერ 2018 წელსგავრცელებული განცხადების მიხედვით (მაშინ ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო), 2021 წელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემას უნდა ემოქმედა, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემის მეშვეობით რატომ ვერ მოხერხდა მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირება, იყო თუ არა შეცვლილი მდინარის კალაპოტი ხელოვნურად, დგინდებოდა თუ არა მდინარე ბუბაში წყლის დაწევა და დაგუბება.
- მოხდა თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკის დაგვიანებით მობილიზება? საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ინციდენტიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. ამგვარად, ამ დროის განმავლობაში სტიქიურ უბედურებასთან გამკლავება ადამიანებს ყოველგვარი სამაშველო დახმარების გარეშე უწევდათ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები ღამის განმავლობაში ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერა. ხოლო, შესაბამისი ხიდების აწყობა ინციდენტიდან მეორე დღეს მოხდა. ამგვარად, გამოძიებამ უნდა შეაფასოს სამაშველო სამუშაოების ოპერატიულად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
- ხდება თუ არა გადარჩენილი და დაკარგული ადამიანების შესაბამის სიებში აღრიცხვა და სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარმართვა? ხელისუფლებას არ გაუსაჯაროვებია დაკარგული და გადარჩენილი ადამიანების სია, რაც ქმნის გაურკვევლობას განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა დაკარგული პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არ ხდება ოჯახის წევრების მიერ მისი ძებნა. დამატებით, სიების გამოქვეყნების შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებდნენ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამოსადეგი იქნებოდა დაკარგული პირების საერთო რიცხვის დასადგენად, მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად და შესაბამისი სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარსამართად.
- სტიქიის შედეგებთან ეფექტურად გამკლავების მიზნით ექნებოდა თუ არა სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა ქვეყნების დახმარებას? მნიშვნელოვანია, გაირკვეს იყო თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი რესურსი. მათ შორის, ტექნიკა სხვა ქვეყნებიდან და განახორციელეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მოლაპარაკებები ამ კუთხით.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რა პროგრამები აქვს საქართველოს?
UNDP-ის მიერ Civil.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იღებენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოსა და GCF-ს შორის შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, ხოლო პროგრამის უშუალო განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო.
პროგრამას სათავეში უდგას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა. ასეთი სისტემების შემუშავება ხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში და შესაძლებელი გახდება შემდეგი შვიდი კლიმატურ საფრთხის პროგნოზირების გაუმჯობესება და შესაბამისი პროგნოზირების პლატფორმების შექმნა: წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი, ძლიერი ქარი.
პროგრამის განხორციელებაში გათვალისწინებულია სამი ძირითადი კომპონენტი:1) ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის განახლება და გაფართოვება, კლიმატური საფრთხეების პროგნოზირებისა და მოდელირების შესაძლებლობების განვითარება, კლიმატური საფრთხეების, მოწყვლადობისა და რისკების შეფასების ახალი, ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზისთვის; 2) მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის (MHEWS) შექმნა, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეგულაციების მომზადება და მათი დანერგვისთვის საჭირო ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა. კლიმატური საფრთხეებისა და რისკების რუკებისა და სხვა საინფორმაციო პროდუქტების განახლება ან მომზადება; და 3) კლიმატური საფრთხეების მიმართ მედეგობის გაუმჯობესება როგორც ეროვნულ, ისე სათემო დონეზე.
ადრეული შეტყობინების სისტემა აუცილებლად მოიცავს ოთხ მთავარ ელემენტს: რისკის ცოდნა, საფრთხეების მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება, სიგნალებისა და შეტყობინებების კომუნიკაცია და გავრცელება, ადგილობრივი შესაძლებლობების არსებობა მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირებისთვის.
შოვის მეწყერის კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს მყინვარების დნობის მონიტორინგს, რადგან UNDP-ის მიხედვით ეს მოითხოვს კონკრეტულ დაკვირვებებს, აღჭურვილობას და ტექნოლოგიას.
UNDP თქით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სისტემური მიდგომების, მათ შორის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს როგორც წინასწარ კვლევასა და მონაცემების შეგროვებას, ისე საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას. მიუხედავად იმისა რომ, საქართველოში უკვე დაწყებულია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვის თანამედროვე სისტემების შემუშავება, როგორიცაა ადრეული შეტყობინება და ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგი, მათ გამართვასა და სრულად ამოქმედებას რამდენიმე წელი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
საქართველოს ბრძოლა სამაშველო ვერტმფრენებისთვის
რაჭის მეწყერის დროს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა ღამის ხედვის აღჭურვილობის არ ქონის გამო სამაშველო სამუშაოები ღამის განმავლობაში შეაჩერა. ახალი ვერტმფრენების შესყიდვისა და მოდერნიზაციის შესახებ განცხადებების მიუხედავად პროგრესი ამ კუთხით ნელია.
ბოლო წლებში სამაშველო შვეულმფრენების საკითხი ყოველ ჯერზე წამოიჭრება სტიქიური უბედურების დროს, რაც ყველაზე ბოლოს გასულ წელს, ე.წ. „გუდაურის ინციდენტის“ შემდეგ განიხილებოდა. კრიზისის ეფექტური მართვისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის პრობლემას ხაზი გაუსვა სახალხო დამცველმაც, რომელმაც მიუთითა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედია პროექტმა „ფაქტ-მეტრმა“ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა კვლევა სამაშველო ვერტმფრენების სადავო საკითხთან დაკავშირებით. კვლევის გამოქვეყნებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებები. როდესაც ღარიბაშვილს სამაშველო ვერტმფრენების შესახებ ჰკითხეს და მისი შარშანდელი განცხადებაც შეახსენეს, რომ მთავრობა მათ შეძენას აპირებდა, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტები ტყუილების გავრცელეაში დაადანაშაულა. არადა, გასულ წელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ ახალ სამაშველო ვერტმფრენებს შეიძენდა.
სამაშველო ვერტმფრენების საკითხი იყო პარტიული ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი დღევანდელ და წარსულ ადმინისტრაციას შორის. 2010 წელს წინა ადმინისტრაციამ იყიდა ორი AS332 Super Puma ვერტმფრენი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შვიდი ასეთი ვერტმფრენის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, ასევე იყო შვიდი დამატებითი შვეულმფრენის ვარიანტი. მისი თქმით, ვერტმფრენები განკუთვნილი იყო თავდაცვის ძალებისთვის და სამაშველო ოპერაციებისთვის, მაგრამ “ევროკოპტერის” რუსული საფრთხისგან დასაცავად, ისინი ოფიციალურად გამოცხადდა როგორც სამოქალაქო გამოყენების ვეტმფრენები.
„ქართული ოცნების“ ახალმა ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, თქვა, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი სიამოვნებისთვის იყიდა ძვირადღირებული, მდიდრული სუპერ პუმა. სააკაშვილის თქმით, ახალმა ადმინისტრაციამ Eurocopter-თან კონტრაქტი 2013 წელს გააუქმა. იმავე წელს საქართველოს მთარობამ განაცხადა, რომ AS332 ვეტმფრენებს ვერ ყიდდა, რადგან მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასად მათ შესყიდვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წელს საუბრობდა ორი ევროკოპტერის გაყიდვისა და სამი სამაშველოს შესყიდვის გეგმებზე, როდესაც მაშველებმა ვერტმფრენებით ვერ ჩააქრეს დედაქალაქში მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრი და ამის გაკეთება მხოლოდ სახმელეთო ტექნიკით შეძლეს. ერთ-ერთი ასეთი AS332 ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა 2018 წელს და არ იქნა შეკეთებული.
გასულ წელს გუდაურში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აპირებს გაყიდოს წინა ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ევროკოპტერი AS332 Super Puma ვერტმფრენი და გამოიყენოს სახსრები სხვადასხვა ოპერაციებისთვის სამი ახალი ვერტმფრენის შესაძენად. 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი Airbus Helicopters-თან ერთი AS332-ის გაყიდვის და სამი H145 შვეულმფრენის შესაძენად რომლის ფასიც შეადგენს 26,5 მილიონი ევროს.
თუმცა, დღემდე სასაზღვრო პოლიციას ახალი ვერტმფრენები არ მიუღია: პირველი H145-ის მიწოდება 2024 წელს იგეგმება.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/08/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი
- 05/08/2023 – გარემოს ეროვნული სააგენტო: შოვის ტრაგედია ბევრი ფაქტორის თანხვედრამ გამოიწვია
- 04/08/2023 – ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენი შოვში ღვარცოფების „მაღალი რისკის“ შესახებ 2021 წელს აფრთხილებდა
This post is also available in: English (ინგლისური)