საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მთიან ყარაბაღში შექმნილ კრიზისს ეხმიანება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 ივლისს მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ იმ ხელახალი დაძაბულობის გამო, რომელიც 2022 წლის დეკემბერში მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით დაიწყო.
განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კონფლიქტებით დაზარალებულ მოსახლეობას კონფლიქტის ყველა მხარეს, რომელთა ცხოვრებასაც მძიმე დაღი დაასვა 30 წლიანმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა… შეიარაღებული დაპირისპირებები და გადაუჭრელი კონფლიქტები შეიწირავს ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და მომავალს“.
„ჩვენთვის როგორც მშვიდობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე აქტორებისთვის უპირველესი სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებების და ინტერესების დაცვა და მხარდაჭერაა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორებიც მიიჩნევენ, რომ არსებითია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტად სწორედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და პერსპექტივა დააყენოს. „მიგვაჩნია, რომ სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს ნდობის აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილ კრიზისულ გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს საერთო ინტერესი შექმნან მშვიდობიანი თანაცხოვრების ახალი გამოცდილებები, ნდობის, ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის ისეთი პრეცენდენტები, რომლებიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას, განვითარებას და სოციალურ კეთილდღეობას.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, მხარეებმა თავი უნდა შეიკაონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც „კიდევ უფრო დააზიანებს მოლაპარაკებების ისედაც მყიფე გარემოს და დაიცვან კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა ღირსება, უფლებები და უსაფრთხოება“. მათივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. „ის თუ როგორ გაამრთმევს თავს ამ გამოწვევას აზერბაიჯანი, გავლენას მოახდენს მთლიანად რეგიონში მცხოვრებ ხალხთაშორის ურთიერთობებსა და მშვიდობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიური სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში
განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქმის 7 თვეა მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამ დრომდე შეზღუდულია მათი გადაადგილება, რაც მათ სრულ იზოლაციაში აქცევს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც მანამდე ჰუმანიტარული ტვირთის შემტანი ძირითადი ორგანიზაცია იყო რეგიონში, განაცხადა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის ვეღარ ახერხებს ჰუმანიტარული რესურსების მიწოდებას ადგილობრივებისთვის. დაახლოებით 1 თვეა, რაც რეგიონში რუსმა სამშვიდობო ძალებმა ასევე შეწყვიტეს საკვების, მედიკამენტებისა და სხვა რესურსების მიწოდება რეგიონისთვის.
ორგანიზაციების თქმით, რეგიონში საკვების, სამედიცინო საშუალებებისა და საბაზისო მოხმარების ნივთების მწვავე დეფიციტია, რის გამოც ქალებსა და ბავშვებში ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რომელთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეზღუდულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოსწავლეებს, რომელთა რაოდენობა 27 000 აღწევს, ეზღუდებათ განათლებაზე წვდომის საბაზისო უფლება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება გათბობისა და ელექტროენერგიის შეზღუდულობის გამო ფერხდება. ამასთან, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, მთიან ყარაბაღში 1100-მდე ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, მათ შორის 270 ბავშვი მშობლებს დაშორებულია.
2022 წლის 28 დეკემბერს სომხეთმა ლაჩინის დერეფანზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დროებითი ზომების მოთხოვნით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს დაევალა ლაჩინის დერეფანზე უზრუნველყოს ტვირთის, ადამიანების და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება, ორივე მიმართულებით. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (CERD) გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფის საჭიროებას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეს არის გადაადგილების თავისუფლება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ასევე ხელმისაწვდომობა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე, და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 22 დეკემბერს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც აზერბაიჯანი დაავალდებულა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლაჩინის დერეფნის გავლით ადამიანების გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, მათ შორის მძიმე ავადმყოფებს ჯანდაცვის სერვისებზე. მთიან ყარაბაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი 2023 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/05/2023 – ინალ არძინბა მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ ფაშინიანის განცხადებით შეშფოთებულია
- 29/09/2020 – ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი აზერბაიჯანს ყარაბაღში ვითარების ესკალაციისთვის აკრიტიკებენ
- 29/09/2020 – ქართველი პოლიტიკოსები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
- 29/09/2020 – მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს
- 27/09/2020 – საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)