skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება

27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმავე დილით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება“, ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, „რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“.

განცხადებით თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, „მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.“

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა საქართველოს მზაობა, „ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას“.

დღესვე, სომხურმა პრესამ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მუდმივ კავშირზე იმყოფება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button