skip to content
ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივი მოადგილე საქართველოს ესტუმრა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივი მოადგილე, სერ ფილიპ ბარტონი 24-25 ივლისს საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, იგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სერ ფილიპ ბარტონმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და თანამშრომლობის შეთანხმებას განამტკიცებს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შეხვედრა დეპუტატებთან

სერ ფილიპ ბარტონი, რომელსაც თან ახლდნენ NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრებს შეხვდნენ და საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხი განიხილეს.

შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, დეპუტატმა გივი მიქანაძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ფორმატში განხორციელდა და „გავაცანით ის გეგმები, რაც მეათე მოწვევის პარლამენტში შესაბამის კომიტეტსა და ოპოზიციას აქვს დაგეგმილი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით“.

ამავე პრეს-რელიზის თანახმად,  მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობა და NDI არიან საქართველოს მთავარი პარტნიორები სხვადასხვა კომიტეტისთვის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით. „საინტერესო განხილვა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობა, გარემოს დაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება“, – დასძინა მან.

თეონა აქუბარდიამ, ერთადერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ „მინისტრები არ მოდიან კომიტეტზე, ასევე ინტერპელაციასთან დაკავშირებით ხშირად არის დაგვიანება. პრობლემებია ზედამხედველობის კუთხით ოპოზიციის ჩართულობის ნაწილში. ბრიტანეთის დახმარება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების გზაზე არის უმნიშვნელოვანესი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button