სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა 26 ივლისს, რომ მისმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ან მის საქმიანობაში მონაწილეობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა) მუხლებით აწარმოებს და მისი მიზანი დაკავებულთა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენა და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირებაა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/05/2023 – ტერორიზმის ბრალდებით სუს-მა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა
- 06/05/2023 – ტერორიზმის ბრალდებით საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
- 08/12/2022 – სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)