skip to content
ახალი ამბები

ტერორიზმის ბრალდებით საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 6 მაისს განაცხადა, რომ ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, ჩატარებული ოპერაციების შედეგად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქტივობები გამოავლინეს და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით იკვეთება, უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები. ამასთან, უწყებამ მოპოვებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოებიც ამოიღო.

„იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ სუს-მა მოპოვებული ინფორმაცია ოპერატიულად გაუზიარა საერთაშორისო პარტნიორებს, მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს.

სუსის თქმით, უწყება „აქტიურად“ აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებებს და „უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად“.

„ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – ხაზს უსვამენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button