ევროპამთავარი თემა

როგორ უნდა გაფართოვდეს ევროკავშირი?

ნატალი ტოჩი იტალიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი და ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის შტატგარეშე პროფესორია.


ევროკავშირს გაფართოება არ უყვარს.

დალხენილ ხანაშიც კი, კავშირის გაფართოება მიმდინარე წევრების გავლენის შემცირებას ნიშნავს. თუკი გაფართოება ხარჯიანია, მისდამი წინააღმდეგობა კიდევ უფრო იზრდება. ხოლო თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით გაფართოებისათვის გადამწყვეტი საბაბი არ არსებობს, თანაც მომავალი წევრი რეფორმებზე ფეხს ითრევს, პროცესი შეიძლება სულაც გაიყინოს.

ასე დაემართა დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთს: ამ ქვეყნებში ეკონომიკის დონე ევროკავშირის საშუალოზე დაბლა დგას, მმართველობა სუსტია, დემოკრატია – მოიკოჭლებს, არსებობს გადაუწყვეტელი კონფლიქტები. ამავე დროს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილო მაკედონიასა და მონტენეგროს ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიას უკვე აძლევს, ხოლო კოსოვოში სულაც ნატოს ძალებია განთავსებული. შედეგად, ამ ქვეყნების ხარჯზე ევროკავშირის გაფართოებისაკენ სწრაფვის სურვილი გაქარწყლდა.

თუმცაღა, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ და ე.წ. “აღმოსავლური ტრიოს” (უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს) წევრობისაკენ სწრაფვამ გაფართოების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ დააბრუნა. სამივე ამ შემთხვევაშიც, საუბარია უფრო ღარიბ ქვეყნებზე, მოწყვლად დემოკრატიულ სისტემებსა და გადაუჭრელ კონფლიქტებზე. აქაც, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ევროკავშირი გაფართოებას თავს აარიდებდა. ოღონდაც, დღეს ის გაფართოებას თავს ვერ აირიდებს.

დღეისათვის ამ სამი ქვეყნიდან არცერთს არა აქვს ნატოს ქოლგით დაცულობის ფუფუნება და, რუსულ მუქარას თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირში შესწრება მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჰოდა, რაკი გაფართოება გარდაუვლად მოჩანს, წევრი სახელმწიფოები ცდილობენ დააკონკრეტონ, თუ რას გულისხმობს ეს. ამ მხრივ, მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში ბევრ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი.

პირველი კითხვაა – რომელი ქვეყნის/ქვეყნების ხარჯზე მოხდეს გაფართოება? დღეისათვის დინამიკა აღმოსავლური ტრიოს მხარესაა, კერძოდ კი უკრაინისა, მოლდოვის დამატებით. სანამ ომი გრძელდება და ომისშემდგომი რეკონსტრუქცია ევროკავშირის პრიორიტეტად რჩება, უკრაინის გაწევრება ევროპული პოლიტიკის ფოკუსში დარჩება.

აქედან გამომდინარეობს კითხვა, რამდენად უნდა განცალკევდეს აღმოსავლური ტრიოს წევრობა ბალკანური ქვეყნებისაგან, სადაც ევროკავშირის გაფართოებისაკენ უსაფრთხოების თემატიკით განპირობებული მოტივაცია უფრო სუსტია, რეფორმები შენელებული, ხოლო კონფლიქტების გადაწყვეტისკენ მოძრაობა კი – უგერგილო.

ამ ორი რეგიონის ერთმანეთისგან გათიშვა ლოგიკურად მოჩანს, თუმცაღა ევროკავშირის ის წევრები, ვისაც ბალკანეთი აღელვებს, ამის წინააღმდეგ გამოვლენ და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თავისას გაიტანენ.

შემთხვევითი არაა, რომ როცა შარშან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წევრობის პოტენციურ კანდიდატებად დასახელდნენ, ბოსნიამაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო ალბანეთსა და ჩრდილო მაკედონიასთან კი ევროკავშირმა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. დღეს, როდესაც კიივი და კიშინაუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნისაკენ იკვალავენ გზას, ევროკავშირში კვლავაც გაძლიერდება ძალისხმევა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ამ პროცესს არ ჩამორჩნენ.

თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი დღევანდელი 27-დან 35 თუ 36 წევრამდე მეყსეული, “დიდი გაფართოების” მოწმე გახდება. გაფართოების ასეთი გიგანტური პაკეტის მოლოდინი გაფართოების პროცესს კიდევ უფრო დააბრკოლებდა, ხოლო კავშირის რეფორმირებისა და ახალი წესების დადგენის პროცესს კი გაუმართლებლად ჩააჩოჩებდა დღის წესრიგიდან.

თუკი დღეს გაფართოების მთავარი მოტივატორი უსაფრთხოების საკითხებია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ აიღო ხელი პერსპექტიული წევრების ტრანსფორმაციაზე. ეს არც უნდა მოხდეს.

მეტიც, როცა დიდი გაფართოება მართლაც მოხდება – ალბათ ათწლეულის ბოლოს ან კიდევ უფრო გვიან, ომის დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ – იმ დროისთვის შეიძლება ამ საკითხის მამოძრავებელი პოლიტიკური საწვავიც გამოილიოს. ის ხალხი, ჩემი არ იყოს, ვისაც სჯერა, რომ გაფართოება უნდა მოხდეს, საგონებელში ვართ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ამ მიმართულებით მოძრაობის ნება და იმპულსი.

თუკი კანდიდატ ქვეყნებში რეფორმები დაიწყო და მათი ტემპი შენარჩუნდა, პატარა ქვეყნების (მაგალითად, აღმოსავლეთით მოლდოვისა და ბალკანეთში მონტენეგროს) ევროკავშირში მიღება ბევრად უფრო ადვილად შეიძლება და ათწლეულზე უფრო ადრეც. ამით ევროკავშირში გაფართოების მხრივ პარალიჩსაც ბოლო მოეღებოდა.

ამ პოსტულატს საკვანძო კითხვისაკენ მივყავართ – როგორ უნდა გაფართოვდეს ევროკავშირი. დღეს, გაფართოება მჭიდროდაა გადაჯაჭვული უკრაინასთან, არადა, უკრაინა ყველაზე უფრო დიდი, ყველაზე უფრო რთული და კავშირში მისაღებად – ტექნიკური თვალსაზრისით – ყველაზე პრობლემური ქვეყანაა.

კიივში, ბრიუსელში და ევროკავშირის წევრების დედაქალაქებში საქმეს იდეალურადაც რომ მიუდგნენ, რთული სავარაუდოა, რომ უკრაინა კავშირის წევრი ათ წელზე უფრო ადრე გახდეს. ოღონდ ახლა ომი მიდის, ამდენად უსაფრთხოების, რეკონსტრუქციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის ამოცანები გაწევრებაზე ადრეა გადასაჭრელი. მაშ, როგორ გადავჭრათ ეს კვანძი?

სწორედ ამას ემსახურება თანდათანობითი ინტეგრაციის შესახებ გამოთქმული იდეები. ზოგი მათგანი უფრო ტრადიციულია: ერთიან ბაზარში ინტეგრაცია, ევროკავშირის ფონდებთან მეტი ხელმისაწვდომობა. ზოგიც უფრო ახალი: კანდიდატების ევროკავშირის მწვანე პოლიტიკაში, ციფრულ ბაზარში, ინდუსტრიულ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მექანიზმებში ჩართვა გაწევრიანებამდე. თუკი ეს თანდათანობითი ინტეგრაცია საბოლოო გაწევრების ამოცანას არ დაჩრდილავს, უკრაინის თანდათანობრივი ინტეგრაცია ევროკავშირში ასეც უნდა მოხვდეს.

ეგება და კიდევ ერთი დიდი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთიც – დაინტერესდეს ბლოკთან ხელახალი ინტეგრაციის ამგვარი, თანდათანობითი გზით და მომავალი ათწლეულის განმავლობაში სექტორულ შეთანხმებებს მიაღწიოს ბლოკთან.

თუკი ევროკავშირი მოახერხებს, 2034 წლამდე რამდენიმე მცირე ახალი წევრი მიიღოს, ხოლო უკრაინასთან (და დიდ ბრიტანეთთან) ამგვარი შუალედური შეთანხმებები დადოს, სტრატეგიული თვალსაზრისით ეს უდიდესი წარმატება იქნება.

ასე მივდივართ ბოლო კითხვამდე – კერძოდ რას, როგორი სახის ევროკავშირს უნდა შეუერთდნენ ახალი წევრები? წარსული ორი ათწლეულის განმავლობაში გაფართოების შეფერხების მიზეზად თუ საბაბად ის მოჰყავდათ, რომ აქაოდა ალიანსის გაღრმავებაა საჭიროო. მიმდინარე ვითარებამ რეალობა გამოააშკარავა: გაღრმავება იმიტომაა საჭირო, რომ გაფართოებაა აუცილებელი. ჰოდა, მაშ, რა რეფორმებია გასატარებელი ამისათვის?

ყველაზე აშკარა და სასწრაფო – და ყველაზე ადვილად განსახორციელებელი – რეფორმები წარმომადგენლობას შეეხება. ყოველ ახალ წევრს კვლავაც უნდა შეეძლოს ერთი ევროკომისრის დასახელება? რამდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ ახალ წევრებს ევროპარლამენტში? როგორ უნდა გადანაწილდეს ხმების რაოდენობა ევროპულ საბჭოში კენჭისყრისას? ყველა ამ შეკითხვაზე პასუხები ლისაბონის ხელშეკრულებაშია – წესები არსებობს და მხოლოდ მათი ინტერპრეტაციიაა საჭირო, ახალი რეალობის გათვალისწინებით.

ამას მოსდევს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები – კერძოდ კი საგარეო პოლიტიკის, სანქციების და გადასახადების თემებზე კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის შემოღების აუცილებლობა, რასაც ბოლო ხანებში დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა. ბუნებრივია, ეს საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა, თავისთავად, გაფართოებას ისინი ხელს არ უშლის. დიახ, კონსენსუსის აუცილებლობა პროცესებს აფერხებს, მაგრამ სრულიად მაინც ვერ აჩერებს. კარგი იქნებოდა, თუკი ბლოკს კრიზისებზე უფრო ეფექტიანად და სწრაფად რეაგირებისათვის საჭირო მოქნილობა ექნებოდა. თუმცაღა, დღეს ევროკავშირის ხელშეკრულების გადახედვის სურვილი არ არსებობს და ქვეყნების დიდი ნაწილი “კონსტრუქციული თავშეკავებისა” და “ბოგირის” მექანიზმების გამოყენებას ემხრობიან, რაზეც ამასწინათ რამდენიმე საგარეო მინისტრმა სტატიაც გამოაქვეყნა.

ამასობაში ყველაზე რთული კითხვა – განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში – პოლიტიკის იმ მიმართულებებს ეხება, რომლებიც მძიმედ დააწვება ბიუჯეტს. უკრაინის გაწევრებისთვის მზადებისას ევროკავშირს მოუწევს, საფუძვლიანად გადახედოს სოფლის მეურნეობისა და სტრუქტურული ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკას და მოიფიქროს, როგორ ჩართოს კიივი ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში, რომელიც 2028 წლიდან ამოქმედდება.

თეორიულად, ეს საუბრები მომავალ წელს უნდა დაიწყოს და ეგებ უკრაინის სრულად ჩართვა მომდევნო საბიუჯეტო ციკლის შესახებ დისკუსიებში უკვე დაგვიანებულიც იყოს. თუმცაღა, რადგან ბლოკმა 50 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის რეკონსტრუქციისთვის (და ეს თანხა შეიძლება კვლავაც გაიზარდოს) თეორიულად შესაძლებელია, რომ ქვეყანა ევროკავშირში ისე შევიდეს, რომ 2028-2034 წლის ბიუჯეტში ჯერ არც იყოს ინტეგრირებული.


როცა 2014 წელს ევროკომისიის თავკაცად ჟან-კლოდ იუნკერი დაინიშნა, მან ისეთი რამ თქვა, რაც ყველამ იცოდა – ჩემი მანდატის განმავლობაში გაფართოება აღარ მოხდებაო. როცა 2024 წელს კომისის ახალი თავმჯდომარე ჩაიბარებს გასაღებს, კარგი იქნება, თუ იუნკერის ნათქვამს პირუკუ გაიმეორებს და იტყვის, ჩემი მანდატის განმავლობაში, ევროკავშირი გაფართოვდებაო.

თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

Via
Politico
პირველწყარო
How the EU can enlarge?

მსგავსი/Related

Back to top button